logo_geo
ამაზონის უკონტაქტო ტომი, სავარაუდოდ, ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს
- +

13 სექტემბერი. 2017. 22:01



ბრაზილიელი პროკურორები აქტიურად იძიებენ გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს ბრაზილიის ამაზონში განცალკევებით მცხოვრები უკონტაქტო ტომის 10 წევრი.


გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გასულ თვეში მოხდა, დასავლეთ ბრაზილიაში, მდინარე ჟანდიატუბის ნაპირებზე და შესაძლოა მის შესახებ დანარჩენ მსოფლიოს ვერც ვერასდროს შეეტყო ვერაფერი, რომ არა ახლომდებარე ქალაქის მცხოვრებნი, რომლებთანაც მაღაროელებმა თავიანთი საქციელით იტრაბახეს.


„შემზარავი ფაქტია. ისინი იმითაც კი ამაყობდნენ, თუ როგორ დაანაწევრეს და მდინარეში გადაყარეს მათი სხეულები", - უთხრა The New York Times-ს ბრაზილიის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოს (FUNAI) კოორდინატორმა ლეილა სილვა ბურგერ სოტო-მაიორმა.


ოქროს ორი მაღაროელი, რომლებსაც ბრაზილიაში გარიმპეიროს ეძახიან - დააკავეს და მოწმის სახით დასაკითხად ქალაქ ტაბატინგაში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად ამოწყვეტილია მთლიანი ტომის დაახლოებით ერთი-მეხუთედი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც.


ამაზონის ის რეგიონი, სადაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ხოცვა-ჟლეტა მოხდა, ჟავარის ხეობის სახელითაა ცნობილი და მდებარეობს პერუს, ბრაზილიისა და ბოლივიის საზღვარზე. 


მიჩნეულია, რომ ამ ზონაში ყველაზე მეტი უკონტაქტო ტომი სახლობს მთელი პლანეტის მასშტაბით; დაახლოებით 20 იზოლირებული ჯგუფი 2000-მდე ადამიანს უნდა ითვლიდეს.


ადგილობრივად ამ ტომს „ფლეიშერუს" ეძახიან (ისინი, ვინც ისრებს ისვრიან). თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი აბსოლუტურად იზოლირებულია და გარესამყაროს თითქმის არ ეკონტაქტება, მათ შესახებ არც თუ ისე ბევრი ცნობა არსებობს; შედეგად, უფრო რთული ხდება გამოძიება.


„კვალს ვადგავართ, მაგრამ ტერიტორია დიდია და მისაღწევად ძნელი. ტომები უკონტაქტოები არიან; ბრაზილიის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოსაც კი, მათ შესახებ მხოლოდ შემთხვევითი ცნობები აქვს. შესაბამისად, სამუშაო ძალიან რთულია და მოითხოვს ბრაზილიის ყველა სამთავრობო დეპარტამენტის ერთობლივ მუშაობას", - უთხრა  The New York Times-ს საქმის პროკურორმა პაბლუ ლუზ დი ბელტრანდმა. 


რეგიონის ისტორიაში უკანონო მაღაროელთა მხრიდან ადგილობრივებზე ძალადობა არაერთხელ დაფიქსირებულა. ამბობენ იმასაც, ეს ყველაფერი პირდაპირი შედეგის სახით მოჰყვა ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მიშელ ტემერის მთავრობის მიერ სხვადასხვა სააგენტოსთვის, მათ შორის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოსთვის დაფინანსების შემცირებას. 


დაახლოებით ერთი თვის წინ, დიდი ხმაური მოჰყვა პრეზიდენტ ტემერის მცდელობას, მინერალების მოპოვებითი საქმიანობის ინტერესების გამო, დაცული ტერიტორიის სტატუსი გაეუქმებინა ამაზონის წვიმის ტყეების ვრცელი ნაკრძალისთვის.


„ბოლო 50 წლის უდიდესი თავდასხმა ამაზონზე", - ასე შეაფასეს ტემერიც გადაწყვეტილება, რომელის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა, თუმცა, თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც აღსრულდა, გაიზრდება ადგილობრივთა საფრთხე და გადაადგილება ტროპიკულ ტყეებში. არალეგალური მოპოვებითი საქმიანობა ამ ტყეებში ახლაც ხშირია.


„თუკი ხოცვა-ჟლეტის შესახებ გავრცელებული ეს ინფორმაცია დადასტურდა, პრეზიდენტ ტემერსა და მის მთავრობას მძიმე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ამ გენოციდურ თავდასხმაზე.


ბრაზილიის ადგილობრივ ხალხთა საქმეების სააგენტოსათვის დაფინანსების შემცირებამ მრავალი უკონტაქტო ტომი დაუცველი დატოვა და პირდაპირ შეატოვა მათ სამოსახლოში შეჭრილ მრავალ დამპყრობელს - ოქროს მაძიებლებს, ფერმერებსა თუ ტყის მჩეხავებს, რომლებიც მათ მიწებს ძირისძირობამდე ანადგურებენ", - ამბობს სპეციალური განცხადებაში ტომების უფლებადამცველი ორგანიზაცია Survival-ის წარმომადგენელი სტივენ კორი.


ამ შემთხვევაში, უცნობია, მიაგნებენ თუ არა საკმარის მტკიცებულებებს დანაშაულის გასახსნელად.


არსებობს აუდიოჩანაწერიც, რომელშიც კარგად ისმის, თუ როგორ ტრაბახობენ მკვლელები თავიანთ ჩადენილი დანაშაულით. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელებმა შეაგროვეს მსხვერპლთა ხელსაწყოები და ძვირფასი ნივთებიც, რამაც შესაძლოა საქმის გახსნა გაამარტივოს.


„ყველა ამ ტომს უნდა ჰქონდეს საკუთარი მიწა, რისი გარანტიებიც მათ ჯერ კიდევ საუკუნის წინ მიიღეს კანონის ძალით. ბრაზილიის მთავრობის საქციელი და სურვილი, რომ ხელყოს მათი ტერიტორიები, უკიდურესად სამარცხვინოა. შედეგად, ადგილობრივთა უფლებები ბრაზილიაში რამდენიმე ათწლეულით უკან ბრუნდება", - ამბობს ტომების უფლებადამცველი ორგანიზაცია Survival-ის წარმომადგენელი სტივენ კორი.














 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი