logo_geo
რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია?
- +

10 დეკემბერი. 2016. 10:56



აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „The Washington Post" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.


გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო უწყებებმა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები გამოავლინეს, რომლებმაც „WikiLeaks"-ს დემოკრატიული პარტიის სერვერის გატეხვის მეშვეობით მიღებული ათასობით დოკუმენტი მიაწოდეს. სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირები ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში სპეცოპერაციის ნაწილს წარმოადგენენ.

 

„სადაზვერვო გაერთიანების შეფასებით, რუსეთის მიზანი იყო ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხელის შეწყობა და ტრამპისთვის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებაში დახმარების გაწევა", - გამოცემა „The Washington Post" ციტირებს ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებს.


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ამერიკის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემთა ბაზის გატეხვაში. მთავარი სამიზნე დემოკრატიული პარტიის სერვერები იყო. თუმცა, ამ ბრალდებებს მოსკოვში კატეგორიულად უარყოფდნენ.




 

big_banner
არქივი