logo_geo
დღეს მარგარეტ ტეტჩერს 92 წელი შეუსრულდებოდა
- +

13 ოქტომბერი. 2017. 13:29



2017 წლის 13 ოქტომბერს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ პოლიტიკოს ქალბატონს 92 წელი შეუსრულდებოდა.



დილა მშვიდობაში, ადამიანებო!


2017 წლის 13 ოქტომბერს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ პოლიტიკოს ქალბატონს,  საზოგადო მოღვაწესა და სრულიად დამსახურებულად „რკინის ლედის" ტიტულის მატარებელ, უზადო, დახვეწილსა და შეუპოვარ მარგარეტ ტეტჩერს 92 წელი შეუსრულდებოდა.


ის ყველაზე ძალმოსილი და შეუპოვარი ქალი იყო მეოცე საუკუნის ევროპულ პოლიტიკაში.





„თუ რამეზე საუბარი გსურთ - კაცს მიაკითხეთ. მაგრამ, თუ რეალურად გინდათ საქმის გაკეთება - ქალთან უნდა წახვიდეთ!"

 

სხვას ვის შეეძლო ეს ეთქვა, თუ არა რკინის ლედის?!


მარგარეტ ტეტჩერმა ძალაუფლების მწვერვალიც დაიპყრო, ინგლისური ელიტის კონსერვატიული ჩარჩოებიც დაარღვია, მამაკაცურ უპირატესობებზე აწყობილი სისტემაც მოშალა... და ამ ყველაფერს უჩვეულო ბრძოლისუნარიანობით მიაღწია, რომლის ფესვებიც მის ბავშვობაში მიდიოდა.


„იყავი განსხვავებული!" - პატარაობაშივე შთააგონა მოსიყვარულე და მუდამ გვერდში მდგომმა მამამ.


და საბაკალეო დუქნის მფლობელის ქალიშვილმა შეუძლებელი შეძლო: გახდა ყველასაგან განსხვავებული, აიღო დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ციხე-სიმაგრე და ევროპის ისტორიაში პირველ ქალ-პრემიერად მოგვევლინა.


და მაინც, მისი ყველაზე დიდი, უმაღლესი მიღწევა - ეს ადამიანების, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების აზროვნებაზე მოხდენილი გავლენაა.


პოპულარობა არ აწუხებდა, ის ნამდვილად ცვლიდა საზოგადოებრივ აზრს, ქმნიდა განწყობას, ანგრევდა და აშენებდა ისტორიას, ეკონომიკას. ის შემოქმედებითად უდგებოდა და იყენებდა კიდეც კანონმდებლობას. მიუხედავად პოლიტიკოს მამაკაცთა შორის მის წინააღმდეგ დამკვიდრებული სოლიდარობისა, არაერთი ხელოვნური დაბრკოლებისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე მისმა წინამორბედმა, ერთად აღებულმა მამაკაცმა პრემიერებმა. მარგარეტ ტეტჩერი იმდენად სწრაფად და ეფექტურად მართავდა სახელმწიფოსა და ეკონომიკის საჭეს, როგორც ვერავის წარმოედგინა. და ამას მხოლოდ საკუთარ ძალებსა და რწმენაზე დაყრდნობით ახერხებდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ტეტჩერი ხელისუფლებაში მთავრობის კრიტიკასა და განკითხვაზე დაფუძნებული ფილოსოფიითა და მიმდინარე მოვლენებისადმი მკაცრი, პრაგმატული მიდგომებით მოვიდა.


ქალბატონი პრემიერი უდრტვინველად, ღირსეულად და უზადოდ ზიდავდა ტვირთს, რომელსაც შეეჭიდა. მიუხედავად ღია თუ ფარული სიძულვილისა, მტრობისა და წინაღობებისა. ის სძულდათ თანამდებობრივ სკამებსა და ყოფას გამოკიდებულ ბიუროკრატებს, თუმცა ეშინოდათ კიდეც მისი.


დიდი ბრიტანეთის 71-ე პრემიერ-მინისტრი, ბარონესა ტეტჩერი, რკინის ლედი, ყველაზე წარმატებული და პირველი ქალი-პრემიერი ევროპულ პოლიტიკაში „ტეტჩერიზმის" პოლიტიკისა და მთელი ეპოქის სახედ იქცა.


ის დღემდე რჩება ახალგაზრდა, ამბიციური ქალების იდეალად და შუქურად.


მან დატოვა რწმენა და გზა, რომელზეც დღეს გაცილებით იოლია სიარული წარმატებას მოწყურებული ლიდერი-ქალბატონებისთვის.


მან ერთ-ერთმა პირველმა შეცვალა უმრავლესობის წარმოდგენა დიდ პოლიტიკაში დასაშვებსა და დაუშვებელზე.


ის სამჯერ აირჩიეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად... მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი შეხედულებები ბრიტანეთის როლზე ევროკავშირში და ასევე შეთავაზებული სულადობრივი გადასახადი ტეტჩერის მთავრობის წევრების მხარდაჭერით არ სარგებლობდა, 1990 წლის ნოემბერში ის თანამდებობიდან გადადგა. მისი ადგილი კი ჯონ მეიჯორმა დაიკავა...


სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე მარგარეტი რჩებოდა აქტიურ საზოგადო მოღვაწედ, წერდა და გამოსცემდა წიგნებს, დააარსა და ხელმძღვანელობდა საკუთარ ფონდს. თუმცა ჯანმრთელობამ ბევრად ადრე უმტყუნა, როგორც ამბობენ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ...


მარგარეტ ტეტჩერი 2013 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა ლონდონში, როცა 87 წლისა იყო.


დაკრძალეს სამხედრო პატივითა და დიდებით - მეუღლის გვერდით, ჩელსის სამხედრო ჰოსპიტლის სასაფლაოზე.


მარგარეტ ტეტჩერი მაგალითია იმისა, თუ რა დიდი საქმეების გაკეთება შეუძლია მამაკაცების სამყაროში ერთ შეუპოვარ ქალს.


წარმატებული დღე და მეტი რწმენა, მეგობრებო!




ავტორი მაია ქავთარაშვილი





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი