logo_geo
ჩინეთის კოსმოსური სადგური მალე დედამიწაზე ჩამოვარდება!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 20:46


9,4-ტონიანმა ჩინეთის კოსმოსურმა სადგურმა ტიანგუნ-1-მა დედამიწაზე დაშვებისთვის საჭირო აჩქარება მიიღო და როგორც მოსალოდნელია, პლანეტის ზედაპირზე რამდენიმე თვეში ჩამოვარდება.


მიუხედავად იმისა, რომ 12-მეტრიანი ლაბორატორია დიდი ალბათობით ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, ნამსხვრევები, რომელთა წონაც 100 კგ-ს აღემატება, დაწვას ვერ მოასწრებს, დედამიწამდე მაინც მოაღწევს და არავინ იცის, თუ სად დაეცემა ისინი პლანეტას.


კოსმოსური სადგური 2011 წელს გაეშვა და უმასპინძლა სამ მისიას, მათ შორის ჩინეთის პირველ ქალ კოსმონავტებს - ლიუ იანგსა და ვანგ იაპინგს. სადგურის სახელი ჩინურად „სამოთხის სასახლეს" ნიშნავს და გამოიყენებოდა 2023 წლისთვის დაგეგმილი უფრო დიდი სადგურის ტექნოლოგიების გასატესტად. 


ჩინელებმა რა თქმა უნდა, იცოდნენ რომ იგი სამუდამო არ იქნებოდა და 2016 წლის მარტში, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სადგურის აღსასრულის დრო ახლოვდებოდა. მაგრამ 2016 წლის სექტემბერში, ჩინეთმა ოფიციალურიად აღიარა, რომ სადგურზე კონტროლი დაკარგა და ამჟამად იგი განადგურების ორბიტაზე მოძრაობდა.


მათი პროგნოზით, სადგური დედამიწას უნდა შეჯახებოდა 2017 წლის ოქტომბერი - 2018 წლის აპრილის შუალედში; იქვე შენიშავდნენ, რომ ხომალდი დედამიწიდან 370 კმ სიმაღლეზე მოძრაობდა. ე. წ. კარმანის ხაზი, რომელიც დედამიწისა და კოსმოსის ოფიციალურ საზღვრად ითვლება, პლანეტიდან 100 კმ სიმაღლეზე მდებარეობს.


ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ჯონათან მაკდოუელის განცხადებით, ჩინური სადგური ახლა ბევრად უფრო ახლოსაა და სავარაუდოდ, დედამიწას ძალიან მალე შეეჯახება.

 

„ამჟამად, მისი პერიგეა 300 კილომეტრს ქვემოთაა და იმყოფება მკვრივ ატმოსფეროში, სადაც უფრო მაღალია ხომალდის დაშლის მაჩვენებელი.

ვფიქრობ, ის დედამიწას რამდენიმე თვეში დაეცემა, 2017 წლის ბოლოს ან 2018 წლის დასაწყისში", - უთხრა მან The Guardian-ს.


ზუსტად სად და როდის, უცნობია; მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან რაიმე სერიოზული საფრთხე გამოიწვიოს. 1991 წელს, რუსეთის კოსმოსური სადგური სალიუტ-7, დედამიწის ატმოსფეროში არგენტინის თავზე შევიდა და წარმოქმნა თვალწარმტაცი სინათლის შოუ, ხმელეთზე კი ძალიან ცოტა ნარჩენები ჩამოცვივდა. 


2001 წელს, რუსეთის კოსმოსური სადგური „მირი" ატმოსფეროში კონტროლირებადი გზით შემოიყვანეს, ჩამოცვივდა ნამსხვრევებიც, მაგრამ წყნარი ოკეანის თავზე.


1979 წელს, ატმოსფეროში დასავლეთ ავსტრალიის თავზე შემოვიდა NASA-ს Skylab-ი. გარემოს დანაგვიანებისთვის, ავსტრალიამ NASA-ს ჯარიმის სახით 400$ გადაახდევინა.


მსგავს მოვლენას არასოდეს მოჰყოლია ადამიანური მსხვერპლი ან ზიანი. პირიქით, იქნებ იღბლიანიც აღმოჩნდეთ და თქვენს სიახლოვეს იხილოთ კოსმოსური სადგურის ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილი ფოიერვერკი.


ტიანგუნ-1-ის ორბიტას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ვებსაიტ N2YO-ზე.


 

big_banner
არქივი