logo_geo
CNN: რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ე.წ. ტროლები ინტერნეტმომხმარებლებს ძალადობისკენ უბიძგებენ
- +

1 ნოემბერი. 2017. 00:43



რუსეთის სპეცსამსახურების მიერ რეგისტრირებული ე.წ. ინტერნეტტროლების მიერ სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანია, სახელწოდებით Blacktivist, ძალადობისკენ მოწოდებებს შეიცავს. კამპანიის მიზანია, ამერიკის მოქალაქეებში გააღვივოს სიძულვილი აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიციელების მიმართ. ამ ჯგუფის საშუალებით, ე.წ. ინტერნეტტროლები სოციალურ ქსელებში ამერიკელი პოლიციელების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, როგორიცაა აფროამერიკელების მკვლელობა და არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები.


ჯგუფ Blacktivist-ს სოციალურ ქსელში 200 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.


კოლუმბიის უნივერსიტეტის ციფრული ჟურნალისტიკის პროფესორმა ჯონათან ოლბრაიტმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ამ ტიპის ჯგუფები რუსული პროპაგანდის თვალსაჩინო მაგალითია. მისი თქმით, ფსევდოპატრიოტული და ადამიანის უფლებებზე ყალბად ორიენტირებული ჯგუფების მიზანი ძალადობრივი ტალღის აგორება და სიძულვილის გაღვივებაა.


„სოციალურ ქსელში არის ჯგუფი „დაცული საზღვრები", რომელიც ერთი შეხედვით აშშ-ის მოქალაქეების შექმნილს ჰგავს. სინამდვილეში, ამ ჯგუფის დამაარსებელი არცერთი ადამიანი არ არსებობს, ისინი ინტერნეტტროლები არიან. ჯგუფის მიზანია ანტიემიგრაციული განწყობის გამძაფრება. ამ ჯგუფში ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებული სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების სტიგმატიზაცია ხდება" - თქვა ჯონათან ოლბრაიტმა CNN-თან ინტერვიუში.


Facebook-ში მოქმედ ჯგუფს „Secured Borders" („დაცული საზღვრები") 55 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ჯგუფში არაერთხელ გამოითქვა მოწოდება იმის შესახებ, რომ ლათინოამერიკელ და მუსლიმ ემიგრანტებთან გამკლავების ერთადერთი გზა მათი ლიკვიდაციაა.


კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ოლბრაიტი დარწმუნებულია, რომ ამ კატეგორიის ჯგუფების მიღმა სოციალურ ქსელებში სწორედ რუსეთის სპეცსამსახური დგას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი