logo_geo
რობერტ მუგაბე სამხედროებმა დააპატიმრეს, მისი ცოლი ქვეყნიდან გაიქცა - რა ხდება ზიმბაბვეში?
- +

21 ნოემბერი. 2017. 03:15



15 ნოემბერს ზიმბაბვეს მაღალჩინოსანმა სამხედროებმა 93 წლის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე დააპატიმრეს. ის შინაპატიმრობაშია. პრეზიდენტის ცოლი გრეისი, რომელიც მისი ორი მემკვიდრიდან ერთ-ერთად მიიჩნეოდა, ქვეყნიდან გაიქცა; მეორე ვიცეპრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა - წინა კვირაში თავად პრეზიდენტმა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. 93 წლის მუგაბე ზიმბაბვეს 37 წლის განმავლობაში მართავდა. ის პლანეტის ერთ-ერთი უხუცესი მმართველი და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორია. არაოფიციალური ინფორმაციით, გადატრიალების შემდეგ მუგაბე გადადგომაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებამდე პრეზიდენტად დარჩება.

 

როგორ მოვიდა მუგაბე ხელისუფლებაში?


რობერტ მუგაბე პროფესიით მასწავლებელია, მაგრამ 1960-იანი წლებიდან პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. იმ დროს ზიმბაბვე დიდი ბრიტანეთის თვითმმართველი კოლონია იყო და მას თეთრკანიანი უმცირესობა მართავდა, რომელიც სეგრეგაციის პოლიტიკას ატარებდა.


1960-იანი წლების ბოლოდან 1979 წლამდე ქვეყანაში გაჩაღებული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ამ ომში ორი ნაციონალისტური პარტია გამოიკვეთა, რომლიდანაც ერთ-ერთს - "ზიმბაბვეს აფრიკული ნაციონალური კავშირი" - სათავეში ჩაუდგა რობერტ მუგაბე. 1980 წელს, ზიმბაბვემ დამოუკიდებლობა მოიპოვა და პარლამენტის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მუგაბეს პარტიამ მიიღო. ის ქვეყნის პირველი პრემიერმინისტრი გახდა. 1987 წელს მან შეცვალა ადგილობრივი კონსტიტუცია, გააუქმა პრემიერმინისტრის პოსტი და თავისი თავი პრეზიდენტად დანიშნა. ამის შემდეგ კიდევ 5-ჯერ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები.

 

მუგაბე კარგი პრეზიდენტი იყო?


როდესაც მუგაბე ხელისუფლებაში მივიდა, აფრიკულ სახელმწიფოებში ზიმბაბვეს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. დღეს ზიმბაბვე 30 ყველაზე ღარიბ ქვეყანას შორისაა. მაგრამ დამოუკიდებლობის პირველ წლებში პრემიერმინისტრ მუგაბეს მმართველობით ზიმბაბვეელები კმაყოფილები იყვნენ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.


ის პრემიერმინისტრი ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. იყო რევოლუციის ერთ-ერთი სიმბოლო და სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა არამხოლოდ ზიმბაბვეში, არამედ საზღვარგარეთაც. გარდა ამისა, გახდა რა მდგრადი ეკონომიკის ქვეყნის პრემიერი, ფულს სოციალურ სფეროში დებდა. მუგაბეს მმართველობის პირველ ათ წელში განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხარჯები სამჯერ გაიზარდა.  


ზოგადად, ის მემეარცხენე შეხედულებებს იზიარებდა: დაადგინა მინიმალური ხელფასის ზღვარი, ხელს უწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას.


მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ქვეყანაში დაიწყო კრიზისი, რომელმაც პიკს 2008 წელს მიაღწია. მაშინ საგარეო ვალმა მშპ-დან 131% შეადგინა, თავად მშპ კი თითქმის 18%-ით დაეცა. 2008 წლის ბოლოს ინფლაცია თვეში 79 მილიარდ პროცენტს აღწევდა; ფასები ყოველ 24 საათში ერთხელ იზრდებოდა.


2009 წელს, მუგაბე იძულებული გახდა ნაციონალურ ვალუტაზე - ზიმბაბვეურ დოლარზე - უარი ეთქვა და ამერიკულ დოლარზე და სამხრეთაფრიკულ რანდზე გადასულიყო. მას შემდეგ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი უარყოფით ნიშნულამდე აღარ დაცემულა, თუმცა 2016 წელს თითქმის ნულამდე შენელდა. ახლა ზიმბაბვეში ახალი კრიზისის ეშინიათ.

 

მუგაბეს კიდევ რით იცნობენ?


მან ზიმბაბვედან თეთრკანიანი ფერმერები გაყარა. კრიზისის მთავარ მიზეზად, სწორედ ამ "დაჩქარებული მიწის რეფორმას" მიიჩნევენ.


როდესაც ზიმბაბვემ 1980 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სახნავი მიწების 80% ქვეყნის თეთრკანიანი მოსახლეობის 5%-ს ეკუთვნოდა. რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მიწების ხელახლა გადანაწილება იყო, მაგრამ დიდ ბრიტანეთთან შეთანხმების თანახმად ასეთ რეფორმაზე ათწლიანი მორატორიუმი მოქმედებდა. სახელმწიფოსთვის აუცილებლად მისაყიდი ფერმების პირველი სია მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა.


2000 წელს, შავკანიანმა მოსახლეობამ თეთრების კუთვნილი რამდენიმე ფერმა დაიკავა; სასამართლომ ეს ქმედებები უკანონოდ ცნო. პასუხად, მუგაბემ თეთრკანიანებს "სახელმწიფოს მტრები" უწოდა და "დაჩქარებული აგრარული რეფორმა" გამოაცხადა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 4300 ფერმა 127 ათასზე მეტი შავკანიანი გლეხის მართვაში გადავიდა. კოლონიზატორების შთამომავალები მასობრივად გარბოდნენ ქვეყნიდან, ხოლო ფერმების ახალ მფლობელებს არ გააჩნდათ მართვისთვის აუცილებელი უნარები. ამის გამო მოსავლიანობა შემცირდა და ზიმბაბვეს სურსათის ყიდვა საზღვარგარეთ დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მუგაბემ მიწის რეფორმაზე უარი არ თქვა. 2017 წლისთვის, მისი თქმით, თეთრკანიანების საკუთრებაში მხოლოდ 73 ფერმა დარჩა.

 

და მისი ცოლი რით არის ცნობილი?


გადატრიალება, სავარაუდოდ, სწორედ გრეის მუგაბეს პოლიტიკური ამბიციების შედეგია. მანამდე, ის ცნობილი გახდა თავისი თავშეუკავებლობით და მფლანგველობით - ამის გამო მას "Gucci გრეისი" შეარქვეს. 2017 წელს გრეის მუგაბემ სამხრეთაფრიკელ მოდელ გაბრიელა ენჯელს სცემა. ინციდენტი იოჰანესბურგის სასტუმროს ნომერში მოხდა, სადაც გოგო გრეისის შვილებთან ერთად იყო. მისი თქმით, ზიმბაბვეს პრეზიდენტის ცოლი სასტუმროში შევარდა და გამაგრძელებელს ურტყამდა ყველას, ვინც კი გზაზე გადაეღობა; ენჯელს შუბლი გაუხეთქა. გოგომ გრეის მუგაბე თავდასხმაში დაადანაშაულა, მაგრამ ზიმბაბვეს პირველი ლედი სასამართლოში არ მივიდა - მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიღებული დიპლომატიური იმუნიტეტით ისარგებლა და სამშობლოში დაბრუნდა.


მუგაბემ ხელისუფლება ამდენ ხანს როგორ შეინარჩუნა?


ოპოზიციის დევნით და არჩევნების გაყალბებით. როდესაც პრემიერმინისტრი გახდა, სპეცრაზმი "მეხუთე ბრიგადა" შექმნა, რომლის მებრძოლებმაც 1987 წლამდე დააპატიმრეს და მოკლეს დაახლოებით 20 ათასი ოპოზიციონერი პარტიიდან "ზიმბაბვეს აფრიკული სახალხო კავშირი" და მისი მხარდამჭერები. ყველაფერი ორი პარტიის გაერთიანებით დასრულდა და ზიმბაბვე ერთპარტიული სახელმწიფო გახდა.


წლებთან ერთად ზიმბაბვეში არჩევნები სულ უფრო ნაკლებად თავისუფალი იყო. დარღვევების მხრივ ყველაზე ცნობილი 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანია გახდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციონერმა მორგან ცვანგირაიმ გაიმარჯვა, მაგრამ თავის მხარდამჭერებზე თავდასხმების გამო მეორე ტურის წინ კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ არ შეუძლია იმის ყურება, თუ როგორ "კლავენ ადამიანებს ძალაუფლებისთვის".


მეორე ტურში მუგაბემ ხმათა 85% მოიპოვა.

 

მუგაბეს მთელ მსოფლიოში ცუდი რეპუტაცია აქვს?


აფრიკაში რობერტ მუგაბეს დღემდე თავისუფლებისთვის მებრძოლის რეპუტაცია აქვს. მას მჭიდრო კავშირები აქვს სხვა პრეზიდენტებთან, რომლებიც წარსულში, მასსავით თავიანთი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.


დასავლეთთან ზიმბაბვეს პრეზიდენტის ურთიერთობა ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში აშშ-მა და ევროკავშირმა მუგაბეს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დასავლურმა დონორებმა ზიმბაბვეს ფინანსური დახმარება შეწყვიტეს. პასუხად, მას არაერთხელ უთქვამს, რომ შეერთებულ შტატებს და ბრიტანეთს ანგარიშს არ გაუწევს. 2008 წლის არჩევნების წინ მუგაბემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან მას მხოლოდ ღმერთი თუ გადააყენებს, რომელმაც ის დანიშნა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი