ჟურნალმა Forbes-მა 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა. უკვე მეოთხედ რეიტინგის პირველ ადგილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იკავებს.
„რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის გავლენა დედამიწის, თითქმის, ყველა წერტილში გაავრცელა; თავისი სამშობლოდან სირიამდე და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან პუტინი განაგრძობს იმის მიღებას, რაც თავად სურს", - წერს ჟურნალი.
როგორც გამოცემა იუწყება, დარწმუნებულები არიან, რომ პუტინის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თავის ადგილს დაიკავებს.
Forbes რეიტინგში მეორე ადგილს დონალდ ტრამპი იკავებს, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა კი 48-ე ადგილზეა.
მესამე ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდა. შემდეგ მოდიან ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რომის პაპი ფრანცისკე.
ყველაზე გავლენიან ადამიანთა ათეულში მოხვდნენ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაური ჯანეთ იელენი, ბიზნესმენები ბილ გეითსი, ლარი ფეიჯი და მარკ ცუკერბერგი. აღსანიშნავია, რომ 32 წლის ცუკერბერგი ამ რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდაა.