logo_geo
პირველი SMS-ის გაგზავნიდან 25 წელი გავიდა - რა შეცვალა ტექსტურმა შეტყობინებებმა?!
- +

5 დეკემბერი. 2017. 01:06



1992 წლის 3 დეკემბერს, 22 წლის ბრიტანელმა ინჟინერმა ნეილ პეპვორთიმ თავისი კომპიუტერიდან პირველი ტექსტური შეტყობინება გააგზავნა. პეპვორთი კომპანია Sema Group Telecoms-ის თანამშრომელი იყო, რომელიც სატელეკომუნიკაციო გიგანტის Vodafone-ის დაკვეთით, ტენოლოგიური სიახლეების შექმნაზე მუშაობდა. ტექსტი, Vofafone-ის დირექტორის, რიჩარდ ჯარვისის მობილურ ტელეფონზე გაიგზავნა და ორი სიტყვისგან შედგებოდა: Merry Christmas (ბედნიერი შობა). იმ მომენტში ჯარვისი წინასაშობაო კორპორაციულ წვეულებას ესწრებოდა. მალე, მისმა კოლეგამ Sema Telecoms-ის ოფისში დარეკა და თქვა, რომ ცდა წარმატებული იყო.


SMS-ი ვინ გამოიგონა?


ბოლო 150 წლის განმავლობაში გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა ან ამ ქვეყნის ინდუსტრიის საფუძველზე გაჩნდა. მაგრამ sms-ი (short message service - მოკლე შეტყობინების სერვისი) - სრულად ევროპული მიღწევაა.


ტელეფონით მოკლე ტექსტების გაგზავნის იდეა პირველად 1984 წელს, კოპენჰაგენის სამეცნიერო კონფერენციაზე, Nokia Networks-ის ფინური ფილიალის წარმომადგენელმა, მატი მაკკოენმა გამოთქვა (ის 2015 წელს გარდაიცვალა). იდეა აიტაცა და განავითარა Deutsche Telecom-ის თანამშრომელმა ფრიდჰელმ ჰილებრანდტმა. მან ერთ წელიწადში წარმოადგინა ლათინური ანბანის 160-ნიშნიანი ფორმატი, რომელიც დღემდე მოქმედებს. ჰილებრანდტის აზრით, ტრადიციული მისალოცი ბარათების ტექსტი ამ სიგრძის იყო.


სიახლით დაინტერესდნენ ფრანგი ბერნარ ჟილბერი PTT-დან, ნორვეგიელი ფინ ტროსბიუ Telenor-იდან, ბრიტანელები კევინ ჰოლი Cellnet-იდან და იენ ჰარისი Vodafone-იდან. 7 წლის განმავლობაში ჩანაფიქრი კომერციულად არამოთხოვნადი იყო. სკეპტიკოსებს არ ესმოდათ, რა საჭირო იყო მიმოწერა, როდესაც ტელეფონით ლაპარაკი ისედაც შეიძლებოდა.


1991 წელს, ტელეკომუნიკაციის სტანდარტების ევროპულმა ინსტიტუტმა (ETSI) მობილურ აბონენტებს შორის ტექსტური ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის შექმნაზე თანხები გამოყო. სამუშაოს დიდი ნაწილი იმ დროისთვის გაკეთებული იყო. იდეის რეალიზებისთვის ავტორებს ნახევარი წელი დასჭირდათ.


მალე Nokia-მ მობილური ტელეფონის ახალი მოდელი გამოუშვა, რომლის ზარიც მორზეს ანბანით დაშიფრული SMS-ის აბრევიატურას წარმოადგენდა.

 

ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სტატისტიკა როგორია?


სიახლის მასობრივი მოხმარება 2000 წელს იწყება. მის უპირატესობად იქცა ის, რომ შეტყობინების გაგზავნა გამორთულ და დაკავებულ ტელეფონზეც შეიძლება და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ადრესატი მას ნახავს; ასევე ის, რომ სერვისის თვითღირებულება დაბალია, რის გამოც მომხმარებლებისთვის მიმზიდველია, ოპერატორებისთვის კი შემოსავლიანი.


1995 წელს, მობილური კავშირის მცირერიცხოვანი მომხმარებლებიდან თითოეული ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა საშუალოდ ორთვენახევარში ერთხელ. 2000 წელს მსოფლიოში გაგზავნილია დაახლოებით 18 მილიარდი sms-ი, 2002 წელს - 146 მილიარდი, ხოლო დღევანდელ დღეს ეს ციფრი დაახლოებით 9 ტრილიონია ანუ პლანეტის თითოეულ მცხოვრებზე დაახლოებით 4 ტექსტური შეტყობინება მოდის.


SMS-მიმოწერაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია - თითქმის ტრილიონი ტექსტური შეტყობინება წელიწადში. კვლევის თანახმად, 13-დან 17 წლამდე ამერიკელი მოზარდები ყოველდღიურად 50-მდე SMS-ს აგზავნიან. დიდ ბირტანეთში, შობის დღესასწაულამდე საათში თითქმის 10 მილიარდი შეტყობინება იგზავნება. 2014 წლის მონაცემებით, SMS-შეტყობინებებიდან ოპერატორების შემოსავლებმა 114,6 მილიარდ ​​დოლარს მიაღწია.


მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები და მობილური მესენჯერები გაჩნდა, SMS-ზე მოთხოვნა არ შემცირებულა.


SMS ტექნოლოგია მხოლოდ კარგია?


ნეიროფიზიოლოგიური კვლევების თანამხად, SMS-შეტყობინების დროს ყურადღების კონცენტრაცია დაახლოებით 4-ჯერ აღემატება კონცენტრაციის ხარისხს მანქანის მართვის დროს. სიტუაცია დამძიმდა სმარტფონების გამოჩენის შემდეგ, რადგან მან ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა გააჩინა. ხშირად ადამიანები რეალობასთან კავშირს კარგავენ და საფრთხეს უქმნიან თავის თავსაც და გარშემომყოფებსაც.


2017 წლის 25 ოქტომბერს, ჰონოლულუ პირველი ქალაქი გახდა მსოფლიოში, სადაც ქუჩის გადაკვეთის დროს, ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობაში ყურების გამო, მომხმარებლებს აჯარიმებენ. გერმანულ ქალაქ აუგსბურგში, გადასასვლელებზე, ასფალტში წითელი ნათურები იმ ადამიანებისთვის ჩაამონტაჟეს, რომლებიც თავდახრილები გადაადგილდებიან. ჩინურ ჩუნცინეში ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელში სმარტფონი უჭირავთ, ისეთივე სპეციალური ბილიკები მოაწყვეს, როგორებიც აქვთ ველოსიპედისტებს.


ტექსტური შეტყობინებების მინუსად მიიჩნევა, სარეკლამო სპამი და SMS-ების გამოყენება თაღლითების მიერ, რომლებიც მომხმარებლებს ხშირად სძალავენ ფულს ცრუ შეტყობინებებით.


სპეციალისტების აზრით, ზოგადად SMS-ის გავლენა ფსიქოლოგიასა და კულტურაზე ბევრად უფრო ღრმაა და ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველა დროში, წერა და ზეპირმეტყველება არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კალმით წერის დროს, ადამიანი გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა და ხშირად არსად ეჩქარებოდა. ახლა ეს ზღვარი წაშლილია. SMS-ურთიერთობა ტექნიკურად წერილობითია, ფაქტობრივად კი - ზეპირი. ტრადიციების ერთგულ ადამიანებს თრგუნავთ ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის უგულებელყოფა, მახინჯი ნეოლოგიზმების გაჩენა და სიტყვების შემოკლება სიმბოლოებამდე. მაგალითად, ინგლისური See you later შეიძლება დაიწეროს, როგორც C u l8er.


მაგრამ ეს უფრო ფართო პრობლემის ნაწილია. ცხოვრების მზარდი ტემპი, ინფორმაციის ნაკადი და კომუნიკაციის გაიოლება ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მაგრამ იმავდროულად ფიქრის და აზროვნების დროს არ უტოვებს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი