logo_geo
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - წლის მთავარი სასიყვარულო ისტორია
- +

11 დეკემბერი. 2017. 21:46



მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და პოპულარული მამაკაცი - უელსის პრინცი ჰარი, მსახიობ მეგან მარკლზე დაინიშნა. ნიშნობის გამოცხადების შემდეგ წყვილმა პირველი ერთობლივი ინტერვიუც ჩაწერა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე არხზე გავიდა, მათ შორის BBC-სა და CNN-ზე. ინტერვიუში წყვილი ნიშნობის დეტალებზე საუბრობს.

 

„ჩვეულებრივი, მყუდრო საღამო იყო. ქათამს ვამზადებდით ვახშმისთვის და უცებ ასეთი სიურპრიზი მომიწყო, ძალიან საყვარლად, ბუნებრივად და რომანტიკულად გამოუვიდა. დაიჩოქა და მკითხა გავხდებოდი თუ არა მისი ცოლი", - ჰყვება მეგან მარკლი.


წლის ერთ-ერთი მთავარი სასიყვარულო ისტორიის მოყოლას პრინცი ჰარი აგრძელებს. 

 

„წინადადების დასრულება არც კი დამაცადა, ინსტიქტურად მიპასუხა, რომ თანახმა იყო. შემდეგ ერთმანეთს ჩავეხუტეთ, მას თითზე ჩემი მიცემული ბეჭედი ეკეთა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ეს არაჩვეულებრვი იყო", - პრინცი ჰარი.


სამეფო ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, წყვილის ნიშნობა თვის დასაწყისში შედგა. მანამდე კი, ჰარიმ ოფიციალურად სთხოვა ხელი მსახიობს და მეგანზე დაქორწინების ნებართვა ბებიისგან, დედოფალ ელისაბედ მეორისგან და შეყვარებულის მშობლებისგან მიიღო. სამეფო ქორწილი, რომელსაც მსოფლიო უკვე დიდი ინტერესით ელის 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ახალდაქორწინებული წყვილი ნოტინგჰემის კოტეჯში, კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებენ. პრინცზე ქორწინების მიუხედავად ამერიკელ მსახიობს პრინცესას ტიტული არ ექნება.


ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი, რომელსაც „სამეფო წარმომავლობა არ აქვს, პრინცესა ვერ გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, ჯვრისწერამდე პრინცის საცოლე მოინათლება და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობასაც მიიღებს.


„ვფიქრობდი, რას იტყოდა დედა ამ ყველაფერზე, რას იფიქრებდა, რას იგრძნობდა და რა ემოციები ექნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მეგანი და დედაჩემი საუკეთესო მეგობრები იქნებოდნენ. ასეთ დღეებში პირველი სწორედ მასზე ვფიქრობ, რადგანაც საოცრად მინდა სიახლეები გავუზიარო. მისთვის ყველაზე მთავარი ჩემი ბედნიერება იყო და მჯერა, რომ ის ახლა ყველაზე ბედნიერი იქნებოდა. უფრო სწორად ის ახლაც ბედნიერია, იმიტომ რომ მუდმივად ჩემთანაა, ჩემს გულსა და გონებაში", - ამბობს პრინცი ჰარი.


ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად კი, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც პოპულარობა და აღიარება მოიპოვა. კინომოყვარულებმა სწორედ სერიალ „Suits"-დან გაიცნეს მსახიობი, სადაც ის ამბიციურ ადვოკატ რეიჩელ ზეინს ასახიერებს. სერიალი შეერთებულ შტატებში უკვე შვიდი წელია პოპულარულია. მსახიობისა და პრინცის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა. პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მეგან მარკლის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ და აქტიურად განიხილავდნენ მის პირად ცხოვრებას, კონკრეტულად კი, პირველ ქორწინებას პროდიუსერ ტრევორ ენგელსონთან. 


მეგან მარკლი მსახიობის კარიერასთან ერთად, World Vision Canada-ის მსოფლიო ელჩიც გახდა. მისი აქტივობები მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის განათლების სისტემის რეფორმის, კვებისა და სამედიცინო დახმარების უკეთესი სერვისების მიწოდებას გულისხმობს. 35 წლის მსახიობი დარწმუნებულია, რომ ფილანთროპია სწორედ ის თემაა, რისი კეთებაც უნდა.


 „გახადო სამყარო უკეთესი", - როგორც მეგანი ამბობს სწორედ ამ იდეამ დააახლოვა პრინც ჰარისთან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი