logo_geo
მარსის ზედაპირქვეშ აღმოჩენილია წყლის ყინულის სქელი ფენები
- +

12 იანვარი. 2018. 23:45



მარსის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს ხელოვნურმა თანამგზავრმა Mars Reconnaissance Orbiter-მა (MRO) იპოვა რვა ადგილი, სადაც წითელი პლანეტის ზედაპირქვეშა ყინულის დეპოზიტების სქელი ფენა ეროდირებულ ფერდობებზეა მოშიშვლებული.


მარსის შუა განედებზე, 55-გრადუსიანი დაქანების მქონე რვა ფერდობზე გამოვლენილია ზედაპირქვეშა, დაშრევებული ყინულის ფენები.


სავარაუდოდ, ყინული დიდი ხნის წინ, თოვლის სახით დაილექა. დეპოზიტებში მოშიშვლებულია შედარებით სუფთა წყლის ყინული, რომლის სისქეც 1-2 მეტრს აღწევს და ჩაჭედილია კლდესა და მტვერში. რა თქმა უნდა, ეს ყინული უზარმაზარ ინფორმაციას ატარებს მარსის კლიმატის ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, სამომავლო რობოტული თუ ადამიანური მისიებისათვის, გაყინული წყალი იმაზე უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.


ყინულოვანი დეპოზიტები აღმოჩენილია მარსის ორივე ნახევარსფეროში, 55 და 58 გრადუსებზე, რაც დედამიწის შემთხვევაში შოტლანდიისა და სამხრეთ ამერიკის წვერის ადგილას იქნებოდა.


„მარსის ზედაპირის დაახლოებით ერთ-მესამედზე, არის თავთხელი მიწისქვეშა ყინული, რომელიც კარგად ინახავს მარსის უახლეს ისტორიას", - აღნიშნავს კვლევის ავტორი კოლინ დანდასი.


მარსზე რომ ყინული არსებობს, სულაც არაა ახალი ამბავი. 2001 წელს, პლანეტაზე დაჯდა NASA-ს ხომალდი Mars Odyssey, რომელმაც ყინულის ქიმიური ხელწერის შესწავლა დაიწყო.


ხომალდის გამა-გამოსხივების სპექტრომეტრმა იპოვა „დამსმენი" წყალბადი, რომელიც მიუთითებდა, რომ მარსს უზარმაზარი ოდენობის ყინული ჰქონდა. მარსის ზედაპირის ერთი მესამედი თხელ ყინულს შეიცავს.


თუმცა, მაშინ ვერ დადგინდა ყინულის სისქე და შემადგენლობა.


Mars Reconnaissance Orbiter-ი პლანეტის ზედაპირს უდიდეს დეტალებში იკვლევს. მის მიერ გადაღებული ფოტოების საშუალებით, დანდასმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს მოშიშვლებული ყინულის ადგილმდებარეობა პატარა კრატერებში, მყინვარებსა და ყინულის ფენებში.


მკვლევართა აზრით, ყინულის ფენები თოვლმა წარმოქმნა რამდენიმე ათასი წლის დროის მონაკვეთში.


მიწაში ჩამარხული ყინული მას შემდეგ მოშიშვლდა, რაც ფერდობები არასტაბილური გახდა და გავრცობა დაიწყო. ეს კლდეები წარმოქმნილია პროცესის შედეგად, რომელსას სუბლიმაციას უწოდებენ, რა დროსაც, მოშიშვლებული ყინული პირდაპირ წყლის ორთქლად გადაიქცევა.


ყინულის ფენა ზედაპირთან საკმაოდ ახლოსაა, რაც მას შედარებით ადვილად ხელმისაწვდომს ხდის, თეორიულად.

 

„ზედაპირქვეშა ყინული უნდა შეიცავდეს ძალიან ღირებულ ინფორმაციას მარსის კლიმატის შესახებ, როგორც მაგალითად, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი დედამიწის შესახებ", - ამბობს ნანტის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი სიუზან კონვეი.


ამ ყველაფრით, უდავოდ დიდ სარგებელს ნახავენ მარსის ცოცხალი მკვლევრები.


„თუკი მარსზე გარკვეული დროის განმავლობაში საცხოვრებლად ადამიანებს გავგზავნით, ეს იქნება წყლის ფანტასტიკური წყარო", - ამბობს პლანეტარული მეცნიერი მეტ ბლეიმი.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი