logo_geo
სატვირთო მანქანის მძღოლმა 2000-წლოვანი ნასკას ხაზები დააზიანა
- +

2 თებერვალი. 2018. 20:46



2000-წლოვანი ნასკას ხაზები მსოფლიოში საუკეთესოდ ცნობილი, ულამაზესი გეოგლიფებია. მაიმუნების, თევზების, ობობას, კოლიბრისა და სხვა ცხოველთა უზარმაზარი სიმბოლოები გადაჭიმულია ასობით მეტრის სიგრძეზე. დაზუსტებით არავინ იცის, თუ რა მიზნით შექმნეს ისინი პერუს უძველესმა ცივილიზაციებმა.


სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, ნახატების ერთი ნაწილი მძიმედ დააზიანა სატვირთო მანქანის მძღოლმა.


ხაინერ ხესუს ფლორეს ვირგო მას შემდეგ დააკავეს, რაც გამაფრთხილებელი სიგნალები უგულებელყო და იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ზონაში მანქანით შევარდა.


CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძეგლის ხელმძღვანელობამ 50-100 მეტრიან არეალში აღრიცხა მიწაზე ახლად გავლებული ღრმა ხაზები, დაზიანებულია სამი გეოგლიფი.


პერუს გაზეთ Peru21-ის ცნობით, პერუს საზოგადოებრივმა სამინისტრომ მანქანის მძღოლისთვის 9-თვიანი პატიმრობა და 5000 პერუული სოლის (1550$) ოდენობის ჯარიმა მოითხოვა.


თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ მძღოლმა ეს განზრახ ჩაიდინა, შესაბამისად, იგი სასჯელის გარეშე გაათავისუფლეს.


სამხრეთ პერუში, ნასკას უდაბნოში არსებული გეოგლიფები წარმოადგენს სტრუქტურებს, რომლებიც მხოლოდ მაღლიდან დახედვისას ჩანს.


ნასკას ხაზები ძვ. წ. 500 - ახ. წ. 500 წლებს შორის პერიოდში შექმნა ნასკას ხალხმა.


უდაბნოში წარმოდგენილია მარტივი თუ გეომეტრიული ფორმების ასობით ხაზი, მაგრამ მათგან 70 ასახავს ცხოველებსა და ფრინველებს, მათ შორის, ლამებს, იაგუარებს, ადამიანის ფიგურებსაც კი.


ზოგიერთი სწორი ხაზის სიგრძე 49 კილომეტრია, მცენარეთა და ცხოველთა ფიგურების სიგრძე კი 15-დან 365 მეტრამდე.


იმის გამო, რომ ნახატების ზომიდან გამომდინარე, მათი სრული აღქმა მხოლოდ ზემოდანაა შესაძლებელი, წარმოიშვა აზრი, რომ ნასკას ხალხი საფრენი აპარატების ტექნიკას ფლობდა. ამ მიდგომას უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ უდაბნოს მიდამოებში აღმოჩენილ კერამიკაზე გამოსახულია ფრანები და ბურთები.


ზოგიერთი ხაზის ბოლოში არსებულ წრიულ ორმოებში აღმოჩენილია ნახშირის ნამწვავები, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ცხელი ჰაერის საშუალებით საჰაერო ბუშტს უშვებდნენ.


თუმცა, არ არსებობს ისეთი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება, რომ ნახატების შესაქმნელად, ნასკას ხალხი მართლაც იყენებდა ფრენის ტექნიკას. ყველაზე დამაჯერებელი თეორიის თანახმად, ხაზები მხოლოდ მიწის ზედაპირიდანაა შექმნილი.

 

„წარმოადგენს გეოგლიფების ყველაზე გამორჩეულ ჯგუფს მთელ მსოფლიოში. მსგავს ნამუშევრებს შორის განუმეორებელია თავის განფენილობით, მნიშვნელობით, ხარისხით, ზომებით, მრავალფეროვნებითა და უძველესი ტრადიციებით", - წერს იუნესკო.


მაგრამ ამავე დროს, ეს გეოგლიფები საკმაოდ ფაქიზი და მარტივად დასაზიანებელია. გაკეთებულია მიწის ზედაპირზე გავლებული თავთხელი ხაზებით (10-30 სმ სიღრმის), მოწითალო ქვიშის ამოთხრისა და ზედაპირქვეშა ნაცრისფერი ქანების გამოჩენის გზით.


შესაბამისად, სატვირთო მანქანას მათი მძიმედ დაზიანება შეუძლია.


თუმცა, სატვირთო ერთადერთი როდია, რომელმაც ბოლო წლებში ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუშები დააზიანა. 2014 წელს, საყოველთაო ქარცეცხლში გაატარეს ორგანიზაცია „გრინპისი", რომლის აქტივისტებმაც კოლიბრის სიმბოლოს სიახლოვეს, ქსოვილის ასოებისგან სხვადასხვა სლოგანები დაწერეს.


ნასკას ნახატები უკვე 2000 წელია, მედგრად უძლებს ჟამთასვლას. იმედია, გვეყოფა გონიერება და ამ საგანძურს კიდევ მრავალ თაობას შევუნახავთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი