logo_geo
ავღანური მშვიდობის საეჭვო მომავალი
- +

14 მარტი. 2018. 12:29



თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ომი შესაძლოა დასასრულისკენ წავიდეს. რაც მთავარია, ამისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა. 28 თებერვალს, ავღანეთის მთავრობამ პრეზიდეტ აშრაფ ღანის ხელმძღვანელობით, ქაბულის პროცესის მეორე კონფერენციაზე 2001 წლიდან მოყოლებული ყველაზე ხელშესახები და კონკრეტული სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმის თუნდაც ნაწილობრივ განხორციელების შემთხვევაში ავღანეთის ომში საკვანძო გარღვევა მოხდება და კონფლიქტი სამხედროდან პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლებს.


აშრაფ ღანის გეგმა მიმართულია თალიბანის სამშვიდობო პროცესში ჩართვასა და მის პოლიტიკურ მხარედ აღიარებაზე. სამშვიდობო გეგმა შვიდ საკვანძო შეთავაზებას ეფუძნება:


მხარეებს შორი ცეცხლის შეწყვეტა, თალიბანის პოლიტიკურ პარტიად აღიარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ავღანეთში;


კონსტიტუციის გადახედვა, თალიბანის დაპატიმრებული წევრების გათავისუფლება და მათზე სანქციების მოხსნა;


თალიბანის მხრიდან ავღანეთის მთავრობა უნდა იქნა აღიარებული და ლტოლვილებს დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ;


ავღანელი ხალხის და მათ შორის თალიბანის მომხრეების უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი;


ლტოლვილები და ყოფილი მებრძოლები ჩართული უნდა აღმოჩნდნენ სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებში;


საერთაშორისო დიპლომატიური და ფინანსური დახმარება უნდა შენარჩუნდეს და ამასთანავე, თალიბანზე მოიხსნას სანქციები;


შეიქმნას სამშვიდობო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმი.


პრეზიდენტ ღანის განცხადებით, სამშვიდობო პროცესი სამ საფეხურად უნდა წარიმართოს: მოლაპარაკებები, რატიფიკაცია და განხორციელება. ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებების გარდა, ღანიმ თალიბანს ქაბულში საკუთარი ოფისის გახსნა შესთავაზა, ასევე პასპორტების მიცემა და მოლაპარაკებებში ჩართული წევრებისთვის თავისუფალი მგზავრობის გარანტია; ამასთანავე, მათთვის ოჯახის წევრების ავღანეთში დაბრუნების შესაძლებლობაც.


მოლაპარაკებების დაწყების ადგილად ღანიმ ქაბული შესაფერის ადგილად მიიჩნია, მაგრამ არ გამორიცხა სხვა ისლამური ქვეყნებიც, რომლებიც დაინტერესებულები არიან საშვიდობო პროცესის წარმატებით გახორციელებაში. ამ კუთხით დელიკატურად გამოირიცხა პაკისტანის ტერიტორია. მაგრამ ღანიმ პაკისტანთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რათა მან საკუთარი მეზობელი სტაბილური ავღანეთის აუცილებლობაში დაარწმუნოს. პაკისტანთან ურთიერთობის დალაგებისთვის დღის წესრიგში გამოტანილია ავღანელი ლტოლვილების დაბრუნება პაკისტანიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რომელთა რიცხვი მილიონზე მეტს აღწევს და წლიდან წლამდე მზარდია.


ღანიმ აღნიშნა, რომ მოლპარაკებების ყველა საფეხურზე გათვალისწინებული უნდა იქნას ქალი წარმომადგენლების აზრი და ქალთა უფლებები ქვეყანაში.


ღანის მიმართვა სამენოვანი იყო: ინგლისურად და ავღანეთის ორ სახელმწიფო ენაზე, დარისა და პაშტუზე. ეს უკანასკნელი თალიბანისა და მის მხარდამჭერთა სასაუბრო ენაა.


აშრაფ ღანის მხრიდან სამშვიდობო პროცესის დაჩქარება და მასში რევოლუციური გარღვევის მცდელობა ბოლო პერიოდში თალიბანის გააქტიურებამ და გახშირებულმა თავდასხმებმა გამოიწვია. მხოლოდ ბოლო ორ თვის განმავლობაში თალიბანის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს ავღანეთში 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური 27 იანვარს, მოხდა, როდესაც ქაბულის ცენტრში ერთ-ერთ მოედანზე დანაღმული ავტონომილის აფეთქებას 103 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


თალიბანის გამოხმაურება


აშრაფ ღანის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის მიმართ ოპტიმიზმი თალიბანის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა პასუხმა შედარებით დააცხრო. თალიბანი გეგმას პოზიტიურად აფასებს, მაგრამ ავღანეთის მთავრობას ორი ძირითადი საკითხზე შეგნებულად თავის არიდებაში სდებს ბრალს. პირველ რიგში, თალიბანს ქვეყნის სრულიად ახალი კონსტიტუციის შექმნა სურს და არა მისი ჩასწორება. და მეორე, თალიბანი არ აპირებს არანაირი მოლაპარკებების დაწყებას მანამ, სანამ ქვეყანას უცხოელი დამპყრობლები და ოკუპანტები არ დატოვებენ. მათი სამიზნე ამ შემთხვევაში აშშ-ისა და NATO-ს შეიარაღებული ძალები არიან.


გარდა ამისა, თალიბანმა დაამატა, რომ მისი წევრები არ არიან პრივილეგიებითა და პოსტებით დაინტერესებულნი და ისინი ღანის შეთავაზებას პოლიტიკურ ქრთამს უწოდებენ.


ქაბულის პროცესი


28 თებერვლის კონფერენცია გასული წლის ივნისში ჩატარებული შეხვედრის გაგრძელება იყო. ქაბულის პროცესში 25 ქვეყანაზე მეტი და ევროკავშირის, NATO-სა და გაეროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი. საერთაშორისო საზოგადოებამ პრეზიდენტ ღანის სამშვიდობო გეგმა მოიწონა და მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს. ასევე, ხაზი გაესვა კონტრტერორისტული ძალისხმევის შენარჩუნებასაც და საერთაშორისო ძალების ბედის განსაზღვრას ავღანეთის ტერიტორიაზე.


მიუხედავად ამ უკანასკნელი საკითხის დაყენებისა, ავღანეთის დატოვებას ამერიკული სამხედრო შენაერთები არ აპირებენ და ამის სურვილი არც პრეზიდენტ ღანის გამოუთქვამს. ამერიკული ძალები ავღანეთის ტერიტორიაზე კვლავ რომ დარჩებიან, ამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა გასული წლის ოქტომბერში გაუსვა ხაზი. სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციის განახლებული ავღანური სტრატეგიის შედეგი იყო.


გასული წლის 21 აგვისტოს, ყველასთვის მოულოდნელად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში ომის გაგრძელების ახალი სტრატეგია გამოაცხადა, რომელიც თვისებრივად მისი წინამორბედებისგან არ განსხვავდებოდა. სტრატეგიის მიხედვით, ამერიკის მიზანი ავღანეთში თალიბანზე გამარჯვება, ალ-ყაიდას და ისლამური სახელმწიფოს განადგურება დარჩება, მაგრამ აშშ აღარ შეეცდება ავღანეთის შიდაპოლიტიკურ რეალიებში ჩარევას და ავღანური ცხოვრების წესზე საკუთარი იდეოლოგიის თავს მოხვევას. ამერიკული ჯარი განუსაზღვრელი ვადით დარჩება ავღანეთში და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში დისლოცირებულ 8500-მდე ჯარისკაცს დამატებით 4000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაემატება.


აშრაფ ღანის სამშვიდობო გეგმა ჯერ მხოლოდ ჰიპოთეტურია და მაღალია ალბათობა იმისა, რომ ის მხოლოდ ცარიელ ინიციატივად დარჩეს. ამ რისკს ავღანეთს გარეთ მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები განაპირობებენ. აშშ-ის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ავღანეთში თალიბანის აქტიურობა და მათთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემა მეტწილად პაკისტანს ბრალდება. ბოლო თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპის რიტორიკა პაკისტანის მიმართ სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდებოდა, რაც იანვარში იმით დასრულდა, რომ აშშ-მა პაკისტანს თავდაცვისა და უსაფრთოხების კუთხით ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერა, რაც წლიურად 255 მილიონ დოლარს წარმოადგენდა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია ის, რომ პაკისტანი სამთავრობოთშორისი ორგანიზაცია Financial Action Task Force (FATF)-ის ფულის გამთეთრებელ ქვეყანათა „ნაცრისფერ სიაში" მოხვდა.


აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ, პაკისტანმა გააძლიერა თალიბანის დახმარება და რეალურად ეს მათ ბოლოდროინდელ გააქტიურებაშიც გამოიხატა. პაკისტანმა ასევე ანტიამერიკული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ასპარეზზეც, როდესაც ფეშავარში ცივის ომის დროინდელი საკუთარი მტრის, რუსეთის საკონსულო გახსნა, მანამდე კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ვიზიტით ეწვია.


ავღანეთში ომის დასრულება იმ პირობით, რომ მის ტერიტორიაზე ამერიკული შენაერთები უვადოდ იქნებიან არ შედის რეგიონული ლიდერების, ირანის, ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებშიც.


საერთაშორისო პოლიტიკური კონფიგურაციის გარდა, არსებობს შიდა რისკებიც. ავღანეთის ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი რესურსი და ზეგავლენის ინსტრუმენტები, რათა მოლაპარკებების პერიოდში დარჩეს ანგარიშგასაწევ ძალად. მას თალიბანი აშშ-ის ერთგვარ მარიონეტად მიიჩნევს. ამასთანავე, სამშვიდობო გეგმაში გაწერილი თალიბანის პოლიტიკური ინკლუზიის ასპექტიც მაღალი რისკის შემცველია. რადგან არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სახელისუფლებო შტოებში შესული თალიბანი ავღანეთში აქამდე მიღწეულ სუსტ ინსტიტუციურ განვითარებასაც ხელახლა არ ჩამოშლის.


ავღანეთი და საქართველო


თუ როგორი იქნება პრეზიდენტ ღანის სამშვიდობო გეგმის მომავალი მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვისაც. შეგახსენებთ, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ 2014 წლამდე NATO-ს ჯარებთან ერთად ISAF-ის ოპერაციაში 1500-ზე მეტი სამხედროთი იღებდა მონაწილეობას, ხოლო 2014 წლის შემდეგ 885 ჯარისკაცით „მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში აგრძელებს მონაწილეობას.


ოპტიმისტური სურათით, თუკი პრეზიდენტ ღანის გეგმის ხორცშესხმა დაიწყო და სამხედრო კონფლიქტი სამშვიდობო პოლიტიკური პროცესით ჩანაცვლდა, მაშინ დიდი ალბათობით, ქვეყანაში დისლოცირებული NATO-ს სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირება დაიწყება, რაც ბუნებრივია, ქართულ კონტიგენტზეც აისახება.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი