logo_geo
სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, ჰოკინგმა პარალელურ სამყაროთა შესახებ კვლევა დაასრულა
- +

19 მარტი. 2018. 19:21



სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, სტივენ ჰოკინგმა თავის ბოლო სამეცნიერო კვლევაზე მუშაობა დაასრულა. კვლევა თეორიულ საფუძველს ამზადებს პარალელური სამყაროს აღმოჩენისთვის.


14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაცვლილი ჰოკინგი იყო თანაავტორი მათემატიკური კვლევისა, რომელიც „მულტისამყაროს" თეორიის მტკიცებულებას ეძებდა. ამ თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყაროს გარდა, არსებობს კიდევ მრავალი სხვა სამყარო.


ჰოკინგის დოკუმენტი სახელად „რბილი გასვლა მარადიული ინფლაციიდან", საბოლოოდ 4 მარტს, ფიზიკოსის სიკვდილამდე 10 დღით ადრე გადაიხედა.


გაზეთ The Sunday Times-ის ცნობით, გადახედვის დასრულების შემდეგ, დოკუმენტი ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.


კორნელის უნივერსიტეტის ვებგვერდ ArXiv.org-ს, რომელზეც რეცენზირებამდელი სამეცნიერო კვლევები ქვეყნდება, ჰოკინგის დოკუმენტის მარტის ვერსია უკვე გამოქვეყნებული აქვს.


The Sunday Times-ის ცნობით, დოკუმენტი შეიცავს ყველა საჭირო მათემატიკურ გათვლებს ღრმა კოსმოსური ზონდისთვის, რომელმაც უნდა შეაგროვოს მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება, სხვა სამყაროთა არსებობა დამტკიცდეს.


ამ ძლიერ თეორიული კვლევის მიხედვით, მულტისამყაროს არსებობა უნდა გამოვლინდეს დიდი აფეთქების მომენტიდან კოსმოსში მოლივლივე ფონურ რადიაციაში. თავის მხრივ ამ რადიაციის გაზომვა შესაძლებელია შესაბამისი სენსორებით აღჭურვილი ღრმა კოსმოსური ზონდით.


დოკუმენტის თანაავტორის, ფიზიკის პროფესორ თომას ჰერტოგის განცხადებით, „კვლევის მიზანია მულტისამყაროს იდეის ტრანსფორმირება შემოწმებად სამეცნიერო ჩარჩოში".


როგორც ჰერტოგმა The Sunday Times-ს განუცხადა, ფინალურ ვერსიაზე შესაჯერებლად, ცოტა ხნის წინ, იგი ჰოკინგს პირადად შეხვდა.


გაზეთის ცნობით, მეცნიერი, რომელიც ასეთ მტკიცებულებებს მიაგნებს, აუცილებლად გახდება ნობელის პრემიის მიღების კანდიდატი.


თუმცა, იმის გამო, რომ ნობელის პრემია სიკვდილის შემდეგ არ გაიცემა, ჰოკინგი მას ვეღარასოდეს მიიღებს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი