logo_geo
მარკ ცუკერბერგმა ნდობის ვერგამართლებისთვის ბოდიში მოიხადა
- +

27 მარტი. 2018. 14:07



Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე ბრიტანული და ამერიკული გაზეთის მეშვეობით Cambridge Analytica-ს მიერ ატეხილი სკანდალის გარშემო ნდობის ვერ გამართლებისთვის ბოდიში მოიხადა.


ბოდიშის შემცველი სათაურის მიუხედავად ცუკერბერგის ხელმოწერილი განცხადება უფრო თავის მართლებას ჰგავდა, სადაც მკითხველს წარსულში მონაცემების გაჟონვის სხვა შემთხვევებს ახსენებდა, თუმცა იმავე განცხადებაში ცუკერბერგი ბოდიშსაც იხდის და სინანულს გამოთქვამს, რადგან ვერ შეძლო უსაფრთხოების ნორმების იმ დონეზე უზრუნველყოფა, რომ მსგავსი შემთხვევა თავიდან ყოფილიყო აცილებული.


ბრიტანული გაზეთებიდან ტექსტი გამოქვეყნდა: „The Sunday Times", „Mail on Sunday", „Sunday Mirror", „Sunday Express" და „Sunday Telegraph"-ში, ხოლო ამაერიკულებიდან „The New York Times", „Washington Post" და „Wall Street Journal"-ში.


50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვას უკვალოდ არ ჩაუვლია. Facebook-ის კაპიტალიზაცია 2 კვირაში 16%-ზე მეტით 538-დან 451 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ბევრმა მომხმარებელმა თავისი ანგარიში დემონსტრაციულად გააუქმა, მათ შორის ილონ მასკმაც, რომელმაც TESLA-სა და SPACEX-ის გვერდები წაშალა.


მიმდინარე წელს ეს ვარდნა Facebook-ისთვის მესამეა. იანვარში ჯერ რეკლამების რაოდენობა შემცირდა, შემდეგ კრიპტოვალუტის რეკლამა საერთოდ აიკრძალა. Facebook-ის აქციების ფასი ორივე შემთხვევაში შემცირდა, თუმცა ორივე შემთხვევაში კლება გაცილებით უფრო მცირე მასშტაბის იყო და გაცილებით უფრო მცირე ხანს გასტანა.




 

big_banner
არქივი