logo_geo
რომელ ქვეყანას რამდენი დიპლომატი ჰყავს მსოფლიოში
- +

31 მარტი. 2018. 16:32



ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გააძევა თავისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო. 140 რუსი დიპლომატის გაძევება კრემლისთვის უბრალო გაღიზიანებასა და დისკომფორტზე უფრო მეტია და ბევრად მტკივნეული.


თუმცა BBC წერს, რომ 140 დიპლომატი რუსეთი საერთაშორისო წარმომადგენლობის მხლოდ მცირე ნაწილია და რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სტატისტიკასაც აქვეყნებს.


რუსეთს მთელ მსოფლიოში აქვს 143 საელჩო, 87 საკონსულო და 12 სხვა დიპლომატიური მისია. მისი დიპლომატიური ქსელი მოიცავს 145 სახელმწიფოს. ამასთან მას აქვს „საელჩოები" არაღიარებულ და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.


2017 წლის ლოუის ინსტიტუტის გლობალური დიპლომატიის ინდექსში რუსეთს დიპლომატიური ქსელის მოცულობით 60-დან მეოთხე ადგილი უკავია. ამასთან, ის აფართოებს თავის ქსელს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში, მათ შორის დუბლინში.


ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების შეთანხმებულ მოქმედებას ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაძევება უწოდეს, თუმცა ასე არ არის. 2017 წლის ზაფხულში, მოსკოვმა თავად გასცა განკარგულება აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 755 თანამშრომლის შემცირებაზე, რაც იყო პასუხი მოსკოვის მიმართ აშშ-ის ახალ სანქციებზე რუსეთის ამერიკულ არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. მაგრამ ფაქტობრივად გაძევებული დიპლომატების რაოდენობა იყო ნაკლები, რადგან აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების ბევრი თანამშრომელი იყო რუსი, რომლებიც ადმინისტრაციას დაქირავებული ჰყავდა. განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, რუსეთი თავის მისიებში არ ასაქმებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების მიზნით.


დიდ ბრიტანეთში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატების სიაში 12 მარტის, ანუ გაძევებამდელი მდგომარეობით 58 რუსი დიპლომატია. ამგვარად გაერთიანებული სამეფოდან 23 დიპლომატის გაძევება რუსეთის წარმომადგენლობას ამ ქვეყანაში თითქმის ორჯერ შეამცირებს. იქ 35 რუსი დიპლომატი რჩება.


მაგალითად, აშშ-ში, რომელმაც სიეტლში რუსეთის საკონსულო დახურა და 60 რუსი დიპლომატი გააძევა, მარტო ვაშინგტონის საელჩოში 116 რუსი დიპლომატი მუშაობს. ამასთან, რუსეთს ჰყავს მისია ნიუ-იორკში, გაეროში, ასევე სამი საკონსულო, მთლიანობაში 50 დიპლომატი. ასევე, აშშ-ის ტერიტორიაზე მუშაობენ რუსეთის სავაჭრო, კულტურული, სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ატაშეების ოფისები.


რუსეთზე უფრო ფართო წარმომადგენლობითი ქსელი მსოფლიოში აქვს მხოლოდ აშშ-ს, ჩინეთს და საფრანგეთს.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ჰყავს 74400 თანამშრომელი, მათგან 13700 დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა, ხოლო 9400 საზღვარგარეთ მუშაობს.   


დიდ ბრიტანეთს მსოფლიოში სულ 225 წარმომადგენლობა აქვს, მას უცხოეთში დაახლოებით 1600 დიპლომატი წარმოადგენს.


საქართველოს სულ 73 დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს მსოფლოში, აქ შედის საელჩოები, გენერალური საკონსულოები და წარმომადგენლობები.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი