logo_geo
წარსულის ნაღმები - რომელ ქვეყნებშია დამარხული ყველაზე მეტი აუფეთქებელი ბომბი?
- +

9 აპრილი. 2018. 18:02

 

გაეროს აუფეთქებელ საბრძოლო მასალებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზაში, 82 ქვეყანა და ტერიტორიაა რეგისტრირებული, რომელთა მცხოვრებლებსაც წარსულის ნაღმები და ბომბები ყოველდღიურად მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის. ასეთ საბრძოლო მასალებს ქალაქების გაფართოებასთან ერთად, ზოგჯერ კი უბრალოდ სამწუხარო გარემოებათა გამო პოულობენ. ხშირად ეს შემთხვევით ხდება, რადგან იმ ზონების აღმოჩენა, სადაც ასეთი საბრძოლო მასალაა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ამ პრობლემის კვალიფიციურად გადაწყვეტისთვის კადრების და სხვა რესურსების დეფიციტია. გაეროს სტატისტიკის თანახმად, წარსულის ომების აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან ყოველწლიურად მსოფლიოში 20 ათასამდე ადამიანი იღუპება. BBC-ის ცნობით, დიდწილად ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, რომლებმაც კონფლიქტი ახლახან გადაიტანეს, მაგრამ მაღალია რისკი განვითარებული ქვეყნებისთვისაც. ანალოგიური პრობლემაა საქართველოს ოკუპირებულ და კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე.

 

ლაოსი, ანგოლა

ლაოსი თვალსაჩინო მაგალითია. აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ამ ქვეყანას 1964-1973 წლებს შორის, ინდოჩინეთში კამპანიის ფარგლებში, მასობრივად ბომბავდა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის სამხედრო არქივების თანახმად, იმ პერიოდში ლაოსზე დაახლოებით ორი მილიონი ტონა საბრძოლო მასალა ჩაყარეს, მათ შორის 270 მილიონი მცირე ბომბი, რომლითაც კასეტურ საბრძოლო მასალებს აწყობენ. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, 80 მილიონი ასეთი პატარა ბომბი არ აფეთქებულა. კონფლიქტის დასრულებიდან 40 წლის შემდეგაც ეს ბომბები ადამიანებს კლავს და ასახიჩრებს. არასამთავრობო ორგანიზაცია Mines Advisory Group-ის კვლევის თანახმად, 1974 და 2008 წლებს შორის ლაოსში ამ მიზეზით დაშავდა ან დაიღუპა დაახლოებით 40 ათასი, დღეში საშუალოდ 300 ადამიანი. შემთხვევათა 40%-ს ბავშვები ემსხვერპლნენ.

 

ამასთან, ლაოსის მშპ-ს დაახლოებით 50% სოფლის მეურნეობაზე მოდის: ფერმერებმა მიწაზე უნდა იმუშაონ და იმის გამო, რომ ეს აუფეთქებელი საბრძოლო მასალა თითქმის ყველა ლაოსურ პროვინციაშია ფერმერებს ფაქტობრივად “რუსული რულეტკის” თამაში უწევთ.

 

ანალოგიური პრობლემაა ანგოლაში. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, 2015 წელს ანგოლას ჰქონდა რესურსი კონტინენტზე სოფლის მეურნეობის წარმოების მხრივ ლიდერი გამხდარიყო. მაგრამ 27-წლიანი სამოქალაქო ომის (1975-2002) შედეგად იქ დღეს 20 მილიონი აუფეთქებელი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმია და სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწის დიდი ტერიტორიები უსაფრთხო არ არის. ანგოლა, რომელიც მარცვლეულის ძირითადი სახეობებით (ხორბლის გარდა) საკუთარ თავს უზრუნველყოფდა, დღეს სურსათის იმპორტიორი ქვეყანაა.

 

ევროპა

ევროპულ ქალაქებს მსგავსი პრობლემები არ აქვთ, მაგრამ წარსული კონფლიქტების შედეგებთან გამკლავება მათაც უწევთ. მაგალითად, 12 თებერვალს, დაახლოებით 16 ათასმა მგზავრმა, რომელიც ლონდონ-სიტის აეროპორტიდან უნდა გაფრენილიყო, გეგმები შეცვალა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების დროს, ტემზაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდის 500-კილოგრამიანი ბომბი იპოვეს.

 

2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მარტო დიდ ბრიტანეთში შეიძლება 21 ათასი აუფეთქებელი ბომბი იყოს. ამავე წელს ლონდონში 9 ბომბი იპოვეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის საჰაერო სამხედრო ძალებმა მარტო ლონდონზე დაახლოებით 17 ათასი ტონა საბრძოლო მასალა ჩაყარეს.

 

2017 წლის 31 აგვისტოს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევაკუაცია განხორციელდა. ფრანკფურტში, სამშენებლო ქვაბულში 1800-კილოგრამიანი ბრიტანული ბომბი იპოვეს. 1,5 კვადრატული კილომეტრის ფართობიდან 70 ათასზე მეტი ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო. მანამდე ორი დღით ადრე აუფეთქებელი საბრძოლო მასალა იპოვეს მშენებლებმა გერმანიის კიდევ ერთ ქალაქში, კობლენცში. ქალაქიდან 20 ათასზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. სულ ახლახან, 8 აპრილს, დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ პადერბორნში ასევე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენას 26 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოჰყვა. ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

 

გერმანიის ხელისუფლებისა და სამხედრო-ტოპოგრაფიული კვლევების თანახმად, გერმანიის მიწაზე ყოველ წელს პოულობენ დაახლოებით 2 000 ტონა ფეთქებადსაშიშ საშუალებებს. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის თავდასხმის დროს ბრიტანეთზე 74 ათასი ტონა საბრძოლო მასალა ჩაყარეს, მაგრამ მოკავშირეების პასუხი კიდევ უფრო სასტიკი იყო.

 

აშშ-ის სმიტსონის ინსტიტუტის შეფასებით, 2,7 მილიონი ბომბიდან, რომელიც მოკავშირეებმა ევროპაში გამოიყენეს, ნახევარი გერმანიის წინააღმდეგ მიმართეს, მაგრამ მათგან ყოველი მეათე არ აფეთქდა. წლების გასვლასთან ერთად, ჭურვები კიდევ უფრო საშიში ხდება, რადგან მათში მიმდინარე მექანიკური და ქიმიური რეაქციები მათ მოქმედებას უფრო არასტაბილურს და არაპროგნოზირებადს ხდის: 2000 წლიდან გერმანიაში შემთხვევითი აფეთქებებისგან 11 გამნაღმველი დაიღუპა, მათგან სამი - ქალაქ გოტინგენის ბაზრობაზე აფეთქების დროს, თანაც 1000-კილოგრამიან ბომბს სპეციალისტები არც მიჰკარებიან.

 

ექსპერტების თქმით, ზოგიერთი ბომბი სპონტანურად ფეთქდება. საფრანგეთსა და ბელგიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სახიფათო მასალების ძებნა ცალკეულ ტრადიციად იქცა. მას “რკინის მოსავალი” უწოდეს. ფერმერები მიწის დამუშავების დროს აუფეთქებელ ჭურვებს და ტყვიებს ეძებენ. პირველი მსოფლიო ომის დროს, ორივე ეს ქვეყანა დასვლეთის ფრონტის ცენტრში იყო. ამ რეგიონს, ომის დროს გამოყენებული 1,45 მილიარდი ჭურვიდან, ყველაზე მეტი საბრძოლო მასალა „ხვდა წილად“. მათგან ბევრი ქიმიური შემადგენლობის იყო. ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომიც.

 

საფრანგეთის მთავრობის ცნობით, 1946 წლიდან ქვეყანაში 600-ზე მეტი გამნაღმველი დაიღუპა. ბელგიაში კი დღემდე მოქმედებს აუფეთქებელი საბრძოლო მასალებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული საკომპენსაციო სქემა. ამ სქემით ბოლო წლებში გადახდილია 140 ათასი დოლარის კომპენსაცია, სხვადასხვა “რარიტეტით” მიყენებული ფერმერული მოწყობილობების დაზიანებისთვის.

 

ბალკანეთი

ბალკანეთში ასეთი მემკვიდრეობა ყოფილ იუგოსლავიაში 1990-იანი წლების სამოქალაქო ომებმა დატოვა. მაგალითად ბოსნიას „ევროპის ყველაზე დანაღმულ ქვეყანას“ უწოდებენ. საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაცემებით, მის ტერიტორიაზე სულ ცოტა 80 ათასი აუფეთქებელი საბრძოლო მასალაა, დიდწილად ნაღმები. სტატისტიკის თანახმად, ომის დასრულების შემდეგ 1995 წელს ბოსნიაში მსგავს ინციდენტებში დაიღუპა ან დაშავდა 1500 ადამიანზე მეტი.

 

ლათინური ამერიკა

2017 წელს კოლუმბიამ აჯანყებულ დაჯგუფებასთან „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები“ სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა, რითაც დასრულდა 50-წლიანი ომი, რომელმაც 220 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა ტერიტორიის განაღმვა ქვეყნისთვის დღემდე პრობლემაა. 1990-იანი წლებიდან დაღუპული ან დაჭრილია 11 ათასზე მეტი კოლუმბიელი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა. ამ მაჩვენებლით კოლუმბია მეორე ადგილზეა ავღანეთის შემდეგ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ქვეყნის 1120 ქალაქიდან 507 ქალაქში ნაღმების საფრთხე რჩება.

 

ავღანეთი

1979 წლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო, ავღანეთში უამრავი ნაღმია. განაღმვით სამუშაოებზე საერთაშორისო თანამეგობრობა 1988 წლიდან მუშაობს, თუმცა პროცესში მონაწილე ერთ-ერთი არაკომერციული ორგანიზაციის, Halo Trust-ის მონაცემებით, ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება 570 კვადრატული კილომეტრის დანაღმული ტერიტორია. ბოლო მონაცემებით, 1979 წლიდან 2015 წლამდე ავღანეთში აუფეთქებელ საბრძოლო მასალასთან დაკავშირებული 23,7 ათას ინციდენტზე მეტი მოხდა.

 

საქართველო

საქართველოში, რომელმაც უახლეს ისტორიაში რამდენიმე სამოქალაქო კონფლიქტი, ხოლო 2008 წელს რუსეთთან ომი გადაიტანა, აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფაში არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია Halo Trust-ი ეხმარება, რომლის დონორები არიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ბოლო ინფორმაციით, თებერვალში, Halo Trust-მა საქართველოში, 585, 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიის აუფეთქებელი საბრძოლო მასალისაგან გაწმენდითი სამუშაოებისათვის იაპონიის მთავრობისგან 400 ათასი დოლარის გრანტი მიიღო. ლაპარაკია შიდა ქართლის სოფლების დვანისა და ძევერას, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში ანაკლიის ტერიტორიების გაწმენდაზე.

 

Halo Trust-ი შიდა ქართლში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მუშაობს. ორგანიზაცია, საქართველოში საბრძოლო მასალებით დაბინძურებულ ტერიტორიებად კონფლიქტის ზონების და მიმდებარე ტერიტორიების გარდა, მოიხსენიებს ყოფილ სამხედრო ბაზებს და ყოფილ სამხედრო საწვრთნელ ტერიტორიებს.

 

ორგანიზაცია წერს, რომ 2009 წლის ბოლოსთვის, შიდა ქართლის ტერიტორია წარმატებით გაიწმინდა, 2009 წლის შემდეგ კი მათ გაწმინდეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიწა; 2010-2014 წლებში - დანაღმული ტერიტორიები სულ ცოტა 4 ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზის ირგვლივ; 2014 წლიდან კი - სამხედრო პოლიგონის ტერიტორია იოანე ნათლისმცემლის და დავიდ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

 

HALO-მ აფხაზეთის ტერიტორიაზეც იმუშავა და 2011 წელს ის ნაღმებისაგან თავისუფალ რეგიონად გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძველი საბრძოლო მასალები დღემდე რჩება ამ რეგიონის პრობლემად. მათი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწების ტერიტორიაზეა შემორჩენილი, ნაწილს კი მოსახლეობა ომის მოსაგონრად ინახავს, თუმცა ბოლო წლებში ადამიანებმა გააცნობიერეს მათგან მომავალი საფრთხე და სანდო შუამავლების საშუალებით ცდილობენ ასეთი მასალებისაგან გათავისუფლებას.

 

უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა საქართველოში მსგავსი ინციდენტების დროს 1990-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე. ასეთი სტატისტიკა ოფიციალურ უწყებებს საქართველოში არ აქვთ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი