logo_geo
ისრაელმა ღაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბი გაანადგურა
- +

16 აპრილი. 2018. 02:48

 

ისრაელის არმიამ დალუქა გვირაბი, რომელსაც სამხედროები ღაზიდან ისრაელში მოსახვედრად იყენებდნენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით BBC წერს.

 

მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის თქმით, ეს გვირაბი ყველაზე გრძელი და ღრმა იყო რაც კი ისრაელს აქამდე აღმოუჩენია. მინისტრის თქმით, ის სავარაუდოდ 2014 წელს, ღაზის ომის დროს გაიყვანეს. მაშინ ისრაელმა 30-ზე მეტი გვირაბი გაანადგურა.

 

ისრაელის განცხადებით, გვირაბი "ჰამასის" დაჯგუფებამ გაიყვანა, თუმცა გასასვლელი გაკეთებული ჯერ არ ჰქონდა. გვირაბი ღაზას რამდენიმე კილომეტრზე კვეთდა და სხვა გვირაბებს უერთდებოდა, რომლითაც თავდასხმის განხორციელება იყო შესაძლებელი.

 

ეს ისრაელის არმიის მიერ უკვე მეხუთე განადგურებული გვირაბია.

 

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორში შეტაკებები გრძელდება. 14 აპრილის დაპირისპირებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-მდე კი დაშავდა.

 

ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები ისრაელის სასაზღვრო ღობესთან შეიკრიბა. ადგილობრივები ითხოვდნენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს კუთვნილ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მიეცეთ.

 

პროტესტების კიდევ ერთი საბაბი - ღაზის სექტორის ეკონომიკური და სამხედრო ბლოკადა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან გრძელდება, როდესაც ტერიტორიაზე ძალაუფლება დაჯგუფება „ჰამასმა“ მოიპოვა, რომელიც მტრულად არის განწყობილი როგორც ისრაელის მიმართ, ასევე მოქმედი პალესტინური ავტონომიის. ბლოკადის შედეგად, ღაზაში ელექტროენერგია მხოლოდ 4 საათით მიეწოდება ადამიანებს, ხოლო სუფთა სასმელ წყალზე წვდომა მხოლოდ 10%-ს აქვს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი