logo_geo
ტერეზა მეი: სირიაზე სარაკეტო იერიში მორალურად სწორი და კანონიერი იყო
- +

16 აპრილი. 2018. 23:55

 

 

 

ტერეზა მეი აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს “მორალურად სწორს და ლეგალურს“ უწოდებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო და სამეცნიერო ექსპერტებმა გაანალიზეს დუმადან მიღებული ფოტო და ვიდეო მასალა და დაასკვნეს, რომ დუმაში ტოქსიკური ნივთიერება გამოიყენეს.

 

რამდენიმე დღის წინ ბაშარ ალ-ასადმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიას ქიმიური იარაღი მისი ხალხის წინააღმდეგ არასოდეს გამოუყენებია.

 

მანამდე სერგეი ლავროვმა BBC-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილს ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ამას ამტკიცებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში რუსეთის ელჩიც. ალექსანდრ შულგინი ამბობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დადგმული და რომ სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილს ქიმიური თავდასხმა არ განხორციელებულა.

 

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

 

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი