logo_geo
13 აპრილის შემდეგ სომხეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ წყდება
- +

23 აპრილი. 2018. 12:09

 

 

13 აპრილს ერევანში ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ის 10 წელი იყო სახელმწიფოს მეთაური და ამ თანამდებობაზე არჩევის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან სომხეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ორი ხუთწლიანი ვადითაა განსაზღვრული. 9 აპრილს სარგსიანი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, 12 აპრილს კი მმართველმა პარტიამ ის პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე წარადგინა. ოპოზიციამ მისი წარდგენა გააპროტესტა, მიიჩნია რა ის ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობად. 2015 წლის რეფერენდუმზე მხარდაჭერილი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა: პრემიერ-მინისტრმა ფართო უფლებამოსილებები მიიღო, პრეზიდენტს კი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები დარჩა.

 

საპროტესტო აქციებს სათავეში ჩაუდგა ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი

ერევანში საპროტესტო აქციებს სათავეში ჩაუდგა სომხეთის ნაციონალური კრების ოპოზიციური ფრაქციის „ელკი“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანი. მან განაცხადა, რომ მიტინგები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდებოდა 17 აპრილამდე. ამ დღეს უნდა ეყარათ კენჭი სარგსიანის კანდიდატურისათვის პარლამენტში. დემონსტრანტები კეტავდნენ ერევნის ცენტრალურ ქუჩებს და მეტროს რამდენიმე სადგურიც დაბლოკეს, რითაც მისი მუშაობა გარკვეული დროით შეაფერხეს.

 

პროტესტის მიუხედავად სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად მაინც აირჩიეს

 

17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია. არჩევის შემდეგ სარგსიანმა პაშინიანის ფრაქციას მოუწოდა მათი ლიდერი ქუჩიდან პარლამენტში დაებრუნებინათ. თავად პაშინიანმა სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ განაცხადა. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება და გზების გადაკეტვა ავტომობილებით, მათ შორის სატვირთო მანქანებითაც. დემონსტრაციები და პოლიციასთან შეტაკება დაიწყო ქალაქ გიუმრიშიც, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული.

 

აქციების დროს დაშავდა ათობით ადამიანი, ასობით მომიტინგე დააკავეს

 

16 აპრილს დემონსტრანტები პარლამენტის შენობისკენ მისვლას პოლიციის კორდონის გარღვევით შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველების და მომიტინგეების შეტაკებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 46 ადამიანი. დაშავდა თავად ნიკოლ პაშინიანიც. თუ აქციების დასაწყისში პოლიცია რამდენიმე ათეულ აქტივისტს აკავებდა, 19 აპრილის შემდეგ დაპატიმრებულების რიცხვი დღეში 100-200 ადამიანს აღწევდა, თუმცა საბოლოოდ ზოგიერთებს ათავისუფლებდნენ. სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციებთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

 

სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ერევანში აფეთქებები აღკვეთეს

 

21 აპრილს, სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა 6 ადამიანი; ითქვა, რომ ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქებებს ამზადებდნენ, რომლის ამოცანაც შიშის საყოველთაო ატმოსფეროს დამკვიდრება და გარკვეული მოთხოვნების შესრულების მიზნით სახელმწიფო ორგანოებზე ზეწოლა იყო. სპეცსამსახურების ცნობით, ეჭვმიტანილები დაკავშირებულნი არიან ჯგუფთან „სასნა ცრერი“, რომლის წევრებმაც 2016 წელს ერევანში პოლიციის პოლკი დაიპყრეს.

 

პრემიერ-მინისტრის და ოპოზიციის ლიდერის შეხვედრა ჩაიშალა

 

22 აპრილს პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის ლიდერს შორის შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა. სარგსიანი და პაშინიანი ერთმანეთს სასტუმრო „არმენია მარიოტში“ შეხვდნენ. პაშინიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ სარგსიანის გადადგომის და ხელისუფლების უსისხლოდ გადაცემის შესახებ სალაპარაკოდ მივიდა. პრემიერ-მინისტრმა ამას ულტიმატუმი და კანონიერი ხელისუფლების მიმართ შანტაჟი უწოდა და შეხვედრა დატოვა. პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკება დაახლოებით სამ წუთს გაგრძელდა.

 

დედაქალაქის პროტესტს სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ

 

სარგსიანის და პაშინიანის შეხვედრის შემდეგ პოლიციამ ერევანში დემონსტრანტების დაშლა ძალის გამოყენებით დაიწყო. შედეგად, 7 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, დაახლოებით 300 - დააპატიმრეს. დაპატიმრებულებს შორისაა თავად პაშიანიანი და აქციების კიდევ ორი ლიდერი - დეპუტატები არარატ მირზოიანი და სასუნ მიკაელიანი; ისინი უკანონო მასობრივი შეკრებების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.

 

ლიდერების დაპატიმრების და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე მუქარის მიუხედავად, ერევანში საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების თანახმად, აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. დედაქალაქის პროტესტს შეუერთდნენ ასევე გიუმრის, ეჩმიადინის და სხვა ქალაქების მცხოვრებლებიც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი