logo_geo
შესაძლოა, ირანმა ბირთვული ობიექტების მუშაობა განაახლოს
- +

25 აპრილი. 2018. 16:47

 

 

იმ შემთხვევაში, თუ აშშ ე.წ. ბირთვული შეთანხმებიდან გავა, ირანი გაჩერებული ატომური ობიექტების მუშაობას განაახლებს.

 

ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამჰანიმ განაცხადა.

 

„ატომური ობიექტების მუშაობას „ბირთვულ შეთანხმებამდე“ არსებულ მდგომარეობამდე მივიყვანთ“, - აღნიშნა შამჰანიმ.

 

მისივე თქმით, თუ ამერიკა ამგვარ ნაბიჯს გადადგამს, ამას „მსოფლიო უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება“.

 

2015 წლის 14 ივლისს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, მათთან ერთად გერმანია და ირანი, 18-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციების გაუქმების შესახებ.

 

აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია დარწმუნდეს, რომ ირანი ვერ განავითარებს ბირთვულ იარაღს, „შეთანხმება ახალი მიმართულებით მოძრაობის შესაძლებლობას იძლევა. უპასუხისმგებლობა იქნება ამ შეთანხმებისთვის ზურგის შექცევა“.

 

 

თავის მხრივ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ბედნიერია, რომ 23-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის ახალი ერა დაიწყო.

 

თუმცა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი ადმინისტრაცია მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებდა. იანვარში ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო შეთანხმება უნდა შეიცვალოს და ამერიკამ ევროპელ მოკავშირეებს სიგნალი უკვე გაუგზავნა.

 

12 მაისს დონალდ ტრამპმა ანტიირანული სანქციების გახანგრძლივების მორიგ დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. თუ აშშ-ის ლიდერი სანქციებს მოაწერს ხელს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამერიკა „ბირთვული შეთანხმებიდან“ დე-ფაქტო გავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი