logo_geo
V საუკუნის უსასტიკესი ხოცვა-ჟლეტის საიდუმლო - არქეოლოგიური აღმოჩენა შვედეთში
- +

29 აპრილი. 2018. 17:27

 

 

დაახლოებით 1500 წლის წინ, ახ. წ. 450 წელს, შვედეთის კუნძულ ალანდის ერთ პატარა, აყვავებულ სოფელს უცნობი მტერი შეესია, გაჟლიტა მოსახლეობა და ადამიანთა გვამები იქვე დატოვეს, სადაც დახოცეს.

 

ამ საშინელი სისხლისღვრის სცენას შვედი არქეოლოგები ახლახან წააწყდნენ. ძეგლის 7 პროცენტზე ნაკლების გათხრის შემდეგ, არქეოლოგთა ჯგუფმა სულ მცირე 26 სხეულის ნაწილები იპოვა.

 

ეს ტერიტორია ახლა ბალახით დაფარული უბრალო გორაკია, რომელსაც გარშემო ოვალური ქვის სარტყელი აკრავს, მაგრამ ერთ დროს ის აყვავებული დასახლება ყოფილა.

 

სოფელი გაშენებული იყო წრიულ ფორტში, სანაპიროსთან ახლოს და მოიცავდა 50-ზე მეტ სახლს, რომლებსაც გარს ერტყა 4-5 მ სიმაღლის კედლები. ტერიტორიაზე 200-250 ადამიანს უნდა ეცხოვრა.

 

 

 

იმ დროს, ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლება მიმდინარეობდა; არასტაბილური, შფოთით სავსე ეპოქა სუფევდა. თუმცა, დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა, ვინ და რატომ გაჟლიტა ამ სოფლის მოსახლეობა.

 

ჯგუფმა ჯერ მხოლოდ სამი სახლი გათხარა, მაგრამ აღმოჩენა შთამბეჭდავია. სხეულებს აღენიშნება ბლაგვი დარტყმითი ტრავმები, ყრია პირქვე, რაც უცაბედ სიკვდილზე მიუთითებს, ანუ ამ ადამიანებს სიკვდილამდე საფრთხე გაცნობიერებულიც კი არ უნდა ჰქონოდათ.

 

ასევე აღმოჩენილია ხუთი წლის ბავშვისა და ჩვილის სხეულის ნაწილები. ორი ჩონჩხი ნაწილობრივ დამწვარია. სავარაუდოდ, ისინი ან ცეცხლში ჩაყარეს, ან ხანძარი უცბად გაჩნდა - შემთხვევით ან მიზანმიმართულად.

 

ერთ-ერთ ჩონჩხს, რომელიც არაუმეტეს 15 წლის მოზარდს ეკუთვნის, ფეხები სხვა ჩონჩხის მუცელზე უწყვია. როგორც ჩანს, ის სხვა გვამს წამოედო, წაბორძიკდა, დაეცა და ფეხზე აღარასოდეს ამდგარა.

 

 

სხეულები აღმოაჩინეს ქუჩებშიც, სადაც ასევე ეყარა ძაღლებისა და პირუტყვის ჩონჩხები. როგორც ჩანს, ისინი ან შიმშილით დაიხოცნენ, ან ასევე თავდასხმისას გაჟლიტეს. ერთ-ერთ სახლში ცხრა ჩონჩხს მიაკვლიეს.

 

ისტორიულად, ამ რეგიონის ხალხი მიცვალებულებს კრემაციას უტარებდა. შესაბამისად, ყველაფერი მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე მიუთითებს.

 

კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ ძეგლი სავსეა განძით. აღმოაჩინეს ირგვლივ მიმოფანტული ოქროს მონეტები, მინის მძივები, მოოქროვილი გულსაბნევები, ბეჭდები და ვერცხლის კულონები. ყველაფერი, გარდა იარაღისა.

 

როგორც ჩანს, თავდამსხმელებმა სოფელი სანდბი-ბორგი არ გაძარცვეს. სავარაუდოდ, გამონაკლისია პოტენციური იარაღები, რომლებიც მტერს ან ნადავლის სახით უნდა წაეღო, ან ღმერთებისთვის შესაწირად. უცნობია, დაიცვეს თუ არა თავი სოფლის მცხოვრებლებმა, მაგრამ მკვლევართა აზრით, უფრო არა.

 

„სხვათა შორის, ვერ მოხერხდა ბრძოლებისთვის დამახასიათებელი დაზიანებების იდენტიფიცირება, მაგალითად სახის ტრავმები, რაც, როგორც წესი, ოპონენტთან პირისპირ დგომაზე მიუთითებს. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ თავდამსხმელები ბევრი იყვნენ, ერთდროულად დაარტყეს რამდენიმე სახლს, ისე, რომ მოსახლეობამ თავის დაცვაც ვერ მოასწრო“, - წერია კვლევაში.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუნძულზე კიდევ იყო 15 სხვა მსგავსი სოფელი, როგორც ჩანს, მათგან არავინ არასოდეს მისულა არც სახლების და არც გვამების გასაძარცვად. ადამიანთა სხეულები სამუდამოდ იქ დარჩა, სადაც დაეცნენ. სოფელი გაუდაბურდა, სახურავები ჩამოიშალა და ავბედითი დღეც დრომ მიწაში შთანთქა.

 

მაგრამ საოცარია, რომ მითქმა-მოთქმა დღემდე შემორჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხოცვა-ჟლეტის შესახებ არ არსებობს არც წერილობითი და არც ზეპირი გადმოცემები. მკვლევართა თქმით, გათხრების დაწყებამდე, ადგილობრივები მათ სასტიკად აფრთხილებდნენ, რომ ამ ტერიტორიიდან თავი შორს დაეჭირათ, რადგან მასთან მიახლოებაც კი საშიში იყო.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენა ხალხის მეხსიერებაში შემორჩა და წარმოშვა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებული ტაბუ. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი საუკუნეთა განმავლობაში ზეპირსიტყვიერებით გადაიცემოდა“, - ამბობს მკვლევარი ლუდვიგ პაპმეჰლ-დუფეი.

 

გათხრები გრძელდება და ალბათ, არქეოლოგები მალე გაარკვევენ, რა შეემთხვა უძველეს დასახლებას - ვინ და რატომ გაჟლიტა მთლიანი სოფელი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი