logo_geo
დონალდ ტრამპი: დარჩი ძლიერი ისრაელო, 20 იანვარი სწრაფად ახლოვდება!
- +

29 დეკემბერი. 2016. 23:02


 


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებს ისრაელს „დარჩეს ძლიერი", სანამ ის თეთრ სახლში შევა.


გასული კვირის პარასკევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელის ახალშენების მშენებლობასთნ დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე გაკეთებულ კომენტარში მან დაიჩივლა, რომ ისრაელს ეპყრობიან „მედიდურად და უპატივცემულოდ".


როგორც BBC წერს, ეს არის მისი უპრეცედენტო აფეთქება სოციალურ ქსელ „თვითერში".


კრიტიკოსებმა დაჟინებით მოუწოდეს არჩეულ პრეზიდენტს გამოიყენოს უფრო ტრადიციული არხები საერთაშორისო საქმეებზე კომუნიკაციისთვის.


ტრამპმა twitter-ზე ოთხშაბათს, ნიუ იორკის დროით, დილით დაწერა: „ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იმის ნების დართვას, რომ ისრაელს ეპყრობოდნენ ასეთი სრული ქედმაღლობით და უპატივცემულობით.


მათ შეერთებულ შტატებში ჰყავდათ დიდი მეგობარი, მაგრამ... უკვე აღარ ჰყავთ. დასასრულის დასაწყისი იყო ირანის საშინელი ხელშეკრულება, და ახლა ეს (გაერო)! დარჩი ძლიერი ისრაელო, 20 იანვარი სწრაფად ახლოვდება!"


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს twitter-ზე უპასუხა: „არჩეულო პრეზიდენტო ტრამპ, დიდი მადლობა თბილი მეგობრობისა და თქვენი ისრაელის მკაფიო მხარდაჭერისათვის".


შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელის შესახებ პარასკევს, 23 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელიც ისრაელისაგან მოითხოვს ახალშენების მშენებლობის შეჩერებას და რომელზეც, როგორც „როიტერსი" წერს, ტრამპი ვეტოს დადების ზეწოლას ახორციელებდა, twitter-ზე გასულ დღეებშიც შეაფასა.



„როგორი დიდი პოტენციალი აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მაგრამ ახლა ის არის მხოლოდ კლუბი იმისათვის, რომ იქ ადამიანები შეიკრიბონ, ილაპარაკონ და კარგი დრო ატარონ. როგორი სამწუხაროა!" - დაწერა ტრამპმა.


ისრაელის პრემიერ მინისტრმა კი შეერთებული შტატების ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე შეერთებული შტატების მიერ გამოხატულმა თავის შეკავების პოზიციამ 15 წევრისაგან შემდგარ საბჭოს საშუალება მისცა მიეღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს დაჟინებით მოუწოდებს დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები ოკუპირებული პალესტინის მიწაზე. ამის შესახებ BBC იტყობინება.


ისრაელის მედია წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა იმით, რომ ელჩი დენ შაფირო თავის ოფისში გამოიძახა.


ნეთანიაჰუს ეს გადაწყვეტილება ისრაელის მიერ იმ ქვეყნების ელჩების გამოძახების შემდეგ მოხდა, რომელთაც პარასკევს ხმა მისცეს რეზოლუციის მიღებას.


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში, შაბათს, განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია - რაც დაჟინებით მოუწოდებს ისრაელს დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები ოკუპირებული პალესტინის მიწაზე - „სამარცხვინოა".


მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ დაემორჩილება 15 წევრი ქვეყნისაგან შემდგარი უშიშროების საბჭოს პარასკევს (23 დეკემბერი) მიღებულ გადაწყვეტილებას.


ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ისრაელი უარს ამბობს გაერო-ს ამ სამარცხვინო ანტი-ისრაელის რეზოლუციაზე და არ შეასრულებს მის პირობებს.

 

„იმ დროს, როდესაც უშიშროების საბჭოს არაფერი გაუკეთებია სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა-ჟლეტაზე, ის სამარცხვინოდ უქმნის საფრთხეს ერთადერთ ნამდვილ დემოკრატიას ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში, და უწოდებს დასავლეთის კედელს „ოკუპირებულ ტერიტორიას."


პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუცია არის „დიდი დარტყმა ისრაელის პოლიტიკისათვის".


ისრაელმა შეერთებულ შტატებს, მის უახლოეს მოკავშირეს, მაგრამ ახალშენების მშენებლობის ხშირ კრიტიკოსს, ბრალი დასდო ხმის მიცემის მოწყობაში - ბრალდება რაც ვაშინგტონმა უარყო.


„იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ობამას ადმინისტრაციამ მოახდინა ამის ინიცირება, იდგა მის უკან, კოორდინირებას ახდენდა ტექსტის ჩამოყალიბებაზე და მოითხოვდა რომ ის გასულიყო", - განაცხადა ისარელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ პარასკევს რეზოლუცია მიიღო - მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა მასზე ვეტოს დადების ნაცვლად თავი შეიკავა - რომლითაც დაჟინებით მოუწოდა ისრაელს, დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები.


წინადადებას მხარი უშიშროების საბჭოს 14 -მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.


ეგვიპტის მიერ შედგენილი რეზოლუციის ვარიანტი უშიშროების საბჭოდან გამოიწვიეს მას შემდეგ რაც ისრაელმა სთხოვა დონალდ ტრამპს ჩარეულიყო აღნიშნულ საკითხში, მაგრამ წინადადება ისევ წარმოადგინეს მალაიზიამ, ახალმა ზელანდიამ, სენეგალმა და ვენესუელამ.


როგორც BBC წერს, შეერთებული შტატები ტრადიციულად ყოველთვის მფარველობს ისრაელს საბრალდებო რეზოლუციებისაგან.


ებრაული ახალაშენები ერთ-ერთი ყველაზე მეტად სადავო საკითხია ისრაელსა და პალესტინას შორის. ეს უკანასკნელი მას მშვიდობის დამაბრკოლებლად მიიჩნევს.


ისრაელის მიერ 1967 წელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირების შემდეგ, 140 ახალშენში დაახლოებით 500 000 ებრაელი ცხოვრობს. საერთაშორისო კანონის მიხედვით, ახალშენები არაკანონიერადაა მიჩნეული, თუმცა ისრაელი კამათობს ამაზე.


წყარო: http://guardian.ge/

big_banner
არქივი