logo_geo
საკვების შესაფუთი და შესანახი ეკოლოგიურად სუფთა მასალა 2020 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება
- +

8 ივნისი. 2018. 14:47

 

 

საფრანგეთის აგრარული კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა საკვების შესაფუთი და შესანახი ეკოლოგიურად სუფთა მასალა შექმნა, სახელწოდებით – EcoBioCap, რომელსაც ევროკომისია რევოლუციურ პროდუქტად აფასებს.

 

ახალი შესაფუთი მასალა აგროპროდუქტის ნარჩენების გადამუშავებით მიიღება და 100 პროცენტით ბიოლოგიური ქსოვილია, რომელიც ფართოდ გავრცელებული ერთჯერადი პოლიეთილენის პარკებისაგან განსხვავებით, არ აზიანებს შეფუთულ პროდუქტს, ბოლომდე იხრწნება და, შესაბამისად, გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა. ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს.

 

ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბიოლოგიურად სუფთა შესაფუთი მასალის შექმნის პროექტი ევროკავშირის 70-პროცენტიანი თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტზე საფრანგეთის კვლევის ინსტიტუტთან ერთად მუშაობდნენ მკვლევარები ევროკავშირის 8 წევრი სახელმწიფოს 16 ორგანიზაციიდან. 4-წლიანი პროექტის მიზანი პროდუქტის შესაფუთი პლასტიკური მასალებისა და კონტეინერების ბიოლოგიურად სუფთა მასალით ჩანაცვლება იყო. პროექტი 4.2 მილიონი ევრო დაჯდა და აქედან 3 მილიონი ევროკავშირმა გაიღო.

 

ახალი შესაფუთი მასალა EcoBioCap შეფასებულია როგორც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი როგორც სასურსათო უსაფრთხოების, ისე გარემოს დაცვის კუთხით.

 

EcoBioCap ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდება და მისი პოტენციური საბაზრო ღირებულება 110 მილიარდ ევროდ შეფასდა.

 

როგორც ცნობილია, 8 ივნისი მსოფლიო ოკეანის დღეა, ზღვები და ოკეანეები კი ერთჯერადი პოლიეთილენის ნივთებით დაბინძურების გამო, დიდი საფრთხის წინაშე დგანან. მხოლოდ ოკეანეებში, უკვე 150 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენებია დაგროვილი, რომელიც ძალიან რთულად იხრწნება და უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ოკეანის ფლორასა და ფაუნას. კვლევები აჩვენებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის მსოფლიოს ოკეანეებში თევზის წონას პლასტიკური ნაგვის წონა გადააჭარბებს.

 

ამ პრობლემის გადაწყვეტას ევროკავშირი ახალი სტრატეგიით ცდილობს, რომელიც 2020 წლისთვის ოკეანეში არსებული პლასტიკური ნარჩენების 30 პროცენტამდე შემცირებას ისახავს მიზნად. ამ სტრატეგიის ფარგლებში, ევროკავშირმა უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით 10 დასახელების ერთჯერადი პლასტიკური საგნების აკრძალვას გეგმავს. ამ საგნებს შორისაა ყურის საწმენდი ჩხირები, სველი ქაღალდის ჰიგიენური ხელსახოცები, სასმელის საწრუპი ჩხირები და მსგავსი საყოფაცხოვრებო საგნები. აკრძალვა სავარაუდოდ ძალაში 3-4 წელიწადში შევა. პარალელურად, ახალი კანონპროეტი ასაკრძალი პროდუქციის ალტერნატიული ბიოლოგიურად სუფთა მასალით ჩანაცვლებასაც აპირებს და ამ წამოწყებაში ჩართვის ვალდებულება ბიზნესსაც ექნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი