logo_geo
ჰონგ-კონგი პარკირების სიძვირით მსოფლიო რეკორდსმენია
- +

16 ივნისი. 2018. 17:10

 

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰონგ-კონგი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ადგილია. ამიტომ, რა თქმა უნდა, არავის გააკვირვებს, თუ გაიგებს, რომ ამ ქალაქში ავტომობილის პარკირებაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

ერთი წყვილი თავად დარწმუნდა ამაში, როცა ჯერ შეიძინა ავტო სადგომი, 9 თვის შემდეგ კი მისი გაყიდვა მოუწიათ.

 

 

გამოცემა „საუთ ჩაინა მორნინგ პოსტი“ წერს, რომ ყიდვის მომენტში, სადგომზე ერთი ადგილის ფასი 430 000 ამერიკული დოლარი იყო. ცხრა თვის შემდეგ კი ის თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, წყვილმა ის უკვე 760 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა. და როგორც გაზეთი წერს, ეს მსოფლიო რეკორდია.

 

ჰონგ–კონგში ავტომობილის სადგომის ერთი კვადრატული ფუტი (0.092903 კვადრატული მეტრი) საშუალოდ 5 600 დოლარი ღირს. ეს კი ამავე ქალაქში საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასზე თითქმის სამჯერ მეტია!

 

თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სადგომი, რომელიც წყვილმა ჯერ იყიდა, შემდეგ კი გაყიდა, მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექს „ალტიმაში“ მდებარეობს, რომლის ბინადრებისთვისაც აპარტამენტში რამდენიმე მილიონის გადახდა პრობლემა არაა. შესაბამისად, ისინი სადგომის ძვირ ფასსაც იოლად იხდიან, რადგან მათთვის მთავარი კომფორტია. ჰოდა, სადგომში „სულ რაღაც“ რამდენიმე ასეული ათასის გადახდაც არ უჭირთ.

 

პირი, რომელიც სადგომის გაყიდვის გარიგებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ამ საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრები მეტწილად „ფერარის“ და „ლამბორჯინის“ სუპერ-ავტომობილებით გადაადგილდებიან. ამიტომ მათ სურთ, რომ თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილები უსაფრთხოდ „ისვენებდნენ“. სადგომის გამყიდველ წყვილს კი იმ ადგილზე „აუდის“ წარმოების სედანი ეყენა.

 

კომპლექსი „ალტიმა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი კორპუსის ტიპის საცხოვრებელი ადგილია. შესაბამისად, მისი სადგომებიც ძალიან ძვირი ღირს. შენობაში სულ 527 ბინაა და მხოლოდ 370 ადგილი ავტომობილებისთვის. სადგომების ნაკლებობა ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ისინი ასე ძვირად ფასობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი