logo_geo
საუკუნის გადარჩენა - რა ვიცით ტაილანდში ფეხბურთელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოყვანის ოპერაციის შესახებ
- +

9 ივლისი. 2018. 03:18

 

 

სანამ საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ჩემპიონატშია ჩართული, ტაილანდში მიწის ქვემოთ ჩარჩენილი 13 ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან.

 

რა მოხდა?

 

23 ივნისს, ტაილანდის საფეხბურთო კლუბის, „ვეპრის“ საბავშვო გუნდმა მორიგი ვარჯიშის შემდეგ გასეირნება გადაწყვიტა. 11-16 წლის ასაკის 12 ბიჭი მწვრთნელთან ერთად კჰაო ლუანგის გამოქვაბულში ექსკურსიაზე გაემგზავრა. ტურისტების მტკიცებით, ეს ულამაზესი ადგილია, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გამოქვაბულების კომპლექსი მიწის ქვეშ 90 მეტრის სიღრმეზეა, ბევრი განშტოება გააჩნია, რომლებშიც გარკვევა არც ისე იოლია. თანაც, წვიმების სეზონზე წყლით ივსება.

 

ისე მოხდა, რომ მღვიმეებში სეირნობის შემდეგ, ფეხბურთელები გასასვლელისკენ გაემართნენ, მაგრამ დაინახეს, რომ ის უკვე მთლიანად წყლით იყო სავსე. გუნდს ისღა რჩებოდა – მოენახა რაიმე სივრცე, რომელშიც წყალი ჯერ არ იყო შესული. მათ ეს გამოუვიდათ – კომპლექსში 10 კილომეტრი სიარულის შემდეგ, მშრალ გამოქვაბულს მიადგნენ. იქ გაატარეს ცხრა დღე სრულ წყვდიადში – საკვებისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე, სანამ მაშველებმა არ აღმოაჩინეს.

 

რატომ დაიტბორა გამოქვაბული?

 

ახლა ტაილანდის ჩრდილოეთ რაიონებში წვიმების სეზონი იწყება – წელიწადის ამ დროს ნალექის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმა კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში მოდის – შემთხვევების 95 პროცენტში წვიმა 30 წუთში ჩერდება. თუმცა, ამ დროის მონაკვეთშიც ბევრი გამოქვაბულები იტბორება, რაც მოხდა კიდეც ამ კომპლექსში ბავშვების ყოფნის დროს.

 

რატომ ეძებდნენ დაკარგულებს ამდენ ხანს?

 

ძებნის ოპერაცია იმავე დღეს დაიწყო, მაგრამ პროცესს ძალიან ართულებდა ის, რომ წყლის ნაკადი ტალახთან და ქვებთან ერთად მიედინებოდა, რაც ამცირებდა ხილვადობის დონეს. გარდა ამისა, კომპლექსში ბევრი განშტოებაა და ზუსტად იმ მღვიმის პოვნა, რომელსაც გუნდი შეეფარა, ძალიან რთული იყო. მაგრამ 2 ივლისს ცნობილმა ბრიტანელმა მყვინთავებმა – ჯონ ვოლანტენმა და რიჩარდ სტენტონმა, რომლებსაც ბევრ ურთულეს სამაშველო ოპერაციაში მიუღიათ მონაწილეობა, მაინც იპოვნეს ბიჭების თავშესაფარი.


თუმცა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, იქიდან ბავშვების გამოყვანა ძალიან რთული ამოცანა იყო.

 

რაში მდგომარეობს სამაშველო ოპერაციის სირთულე?

 

მაშველებს ორი ვარიანტი ჰქონდათ – ან ბავშვებისთვის ყვინთვა ესწავლებინათ და ისინი თითო-თითოდ გამოეყვანათ, ან გამოქვაბულიდან წყალი ამოეტუმბათ.

 

გამოქვაბულიდან ერთადერთი გამოსასვლელი დატბორილია, ხოლო მაშველების ბაზამდე მისაღწევად, საჭიროა, წყალქვეშ დაახლოებით ორი კილომეტრის გაცურვა. გარდა იმისა, რომ წყალი ცივი და ჭუჭყიანია, თურმე არც ერთ ბიჭს ცურვა არ სცოდნია. ასე რომ, ეს ვარიანტი უკიდურესი შემთხვევისთვის დაიტოვეს.
მეორე ვარიანტიც სიგიჟედ მოჩანდა – გამოქვაბულიდან წყლის ამოტუმბვა. ამის გაკეთება თითქმის არარეალურია, რადგან ასეთი რაოდენობის წყალს ყველაზე მძლავრი სატუმბი მანქანებიც ვერ გაუმკლავდებოდნენ. გადაწყვიტეს ლოდინი. მაშველები ბიჭებს საკვებსა და წყალს აწვდიდნენ, გადასცემდნენ მშობლების წერილებს და ჟანგბადის ბალონებს. ვარაუდობდნენ, რომ ასეთ რეჟიმში ბავშვები რამდენიმე თვე გაძლებდნენ, სანამ წყალი უკან დაიხევდა. მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემა: გამოქვაბულში ნახშიროჟანგის აირის დონემ აიწია, წვიმები კი გაძლიერდა.

 

ვინ მუშაობს გადარჩენაზე?

 

მომხდარის შესახებ გახდა თუ არა ცნობილი, ტაილანდისკენ დაიძრნენ მოხალისეები, მყვინთავები, სპელეოლოგები (სპელეოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მიწისქვეშა ბუნებრივ სივრცეებს) და სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები. ოპერაციაში ილონ მასკიც (კანადელ-ამერიკელი ინჟინერი, კომპანია PayPal-ის დამაარსებელი, მილიარდერი) კი ჩაერთო: მან ტაილანდის მთავრობას ამოსატუმბი მოწყობილობებისთვის ლითიუმ-იონური აკუმულატორები შესთავაზა, რითაც შეუსვენებლივ მოახერხებდნენ წყლის ამოქაჩვას. ამ მომენტისთვის სამაშველო ოპერაციებში დაახლოებით 90 ადამიანია ჩართული.

 

რა მოხდება საბოლოოდ?

 

მთელი მსოფლიოდან შეკრებილი მაშველების გუნდი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა ბავშვების ევაკუაციის გეგმაზე. თავდაპირველად ყველაზე გონივრულ ვარიანტად მოსჩანდა ლოდინი, მაგრამ, როცა ნახშიროჟანგის აირის დონემ აიწია, გადაწყდა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო გადარჩენის ოპერაცია. არჩევანი გაკეთდა: ბავშვები ჩაყვინთავდნენ და იცურებდნენ მყვინთავებთან ერთად.

 

7 ივლისს მაშველებმა 100-ზე მეტი ჭაბურღილი გახვრიტეს და მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალი ამოტუმბეს, რითაც ზოგიერთ ადგილას ფეხით სიარული გახდა შესაძლებელი. 8 ივლისს, დილით გამოქვაბულისკენ დაიძრა 18 ადამიანი – 13 მყვინთავი და ხუთი სამხედრო. ბიჭები ოთხ ჯგუფად დაყვეს – თავდაპირველად, ყველაზე სუსტების გამოყვანა დაიწყეს. მწვრთნელმა კი, არც ისე კარგი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, გადაწყვიტა, ბოლოს დაეტოვებინა გამოქვაბული. ამ მომენტისთვის ზედაპირზე ოთხი ბავშვი ამოიყვანეს. ახლა ისინი საავადმყოფოში არიან.

 

ოპერაციის შემდეგი ეტაპი 10 საათის შემდეგ ჩატარდება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი