logo_geo
30 მეტრი ვიფრინე, არც ერთი ნაკაწრი არ მაქვს - ფეხბურთელები გენუაში გუშინდელ ტრაგედიაზე წერენ
- +

15 აგვისტო. 2018. 17:27

 

იტალიაში, გენუაში გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ცნობილი ფეხბურთელები წერენ, რომლებიც ჩამონგრევისა და ნგრევამდე ცოტა ხსნით ადრე უშუალოდ მორანდის ხიდზე იმყოფებოდნენ.

 

ხიდის ჩამონგრევას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ტრაგედიის შესახებ დომენიკო კრიშიტომ, სტეფანო სტურარომ და სხვა ფეხბურთელებმა ისაუბრეს.

 

რა მოხდა გენუაში

 

იტალიის ქალაქ გენუაში ძლიერი შტორმისას ხიდი ჩამოინგრა. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა.  ტრაგედია იტალიის დროით, დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. ხიდიდან ავტომობილები რამდენიმე ათეული მეტრიდან ძირს ცვიოდა. ხიდი გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული და მორიგი რეკონსტრუქცია უტარდებოდა.

 

მაშველებმა ნანგრევებში ორი მოქალაქე ცოცხალი იპოვეს.  ხიდის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს მიაჩნია, რომ პრობლემა მოძველებულ ინფრასტრუქტურაშია.

 

 

 

დომენიკო კრიშიტო – ხიდზე ვიყავი

 

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, „ჯენოას“ ფეხბურთელმა,  დომენიკო კრიშიტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ხიდი ოჯახთან ერთად გაიარა.

 

„ამას ვწერ ყველასთვის, ვინც  ჩემი და ჩემი ოჯახის გამო ნერვიულობს. წესრიგში ვართ, არადა, ეს ხიდი გადავიარეთ ჩამონგრევამდე 10 წუთით ადრე. ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. არ შეიძლება ასეთი ხიდი ამგვარად ჩამოიშალოს. უბრალოდ, შეუძლებელია! რაღაც უნდა გაკეთდეს ამ ქვეყნისთვის. ხალხი აქედან გარბის სწორედ მსგავსი ამბების გამო. უსაფრთხოება გვჭირდება, საჭიროა, ვიღაცამ რაღაც მოიმოქმედოს. ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია“, – დაწერა კრიშიტომ „ინსტაგრამზე“.

 

 

 

 

 

 

მომხდარზე კომენტარი საფეხბურთო კლუბმა „ჯენოამაც“ გააკეთა.  „ქალაქი შოკშია. დღეს დილით ჩამოიშალა საავტომობილო ხიდი მონტე-მორანდი, ანუ „ბრუკლინის ხიდი“, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ. მოხდა საშინელი ტრაგედია. მაშველთა ათობით ჯგუფი მივიდა ადგილზე, სადაც გადარჩენილების პობნას ძაღლების მეშვეობითაც ცდილობენ“, – წერს „ჯენოა“.

 

მოგვიანებით, კლუბმა გამოაცხადა, რომ იმ დღევანდელი ვარჯიში გააუქმა.

 

 

 

„კალიარის“ ექსმოთამაშე – დაუჯერებელია, მაგრამ არც ერთი ნაკაწრი არ მაქვს

 

ხიდის ჩამონგრევას სასწაულებრივად გადაურჩა „კალიარის“ ექსმეკარე დავიდე კაპელო. ის ავტომობილით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

 

„სასწაულებრივ გადავრჩი. თავიდან  ხმაური გავიგონე, შემდეგ ხიდი, უბრალოდ, ჩატყდა. 30-მეტრიანი ვარდნა და მანქანა სადღაც ნანგევებში საყრდენებს შორის გაიჭედა. დაუჯერებელია, მაგრამ არც ერთი ნაკაწრი არ მაქვს. ხშირად ვიყენებდი ამ ხიდს, ის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ხიდია იტალიაში. ძალიან  შეშინებული ვარ. არ მესმის, როგორ არ დაიმტვრა ჩემი მანქანა“, – განაცხადა კაპელომ Corriere dello Sport-თან კომენტარში.

 

 

 

 

რობერტო მანჩინი – გენუას ეს არ დაუმსახურებია

 

თანაგრძნობა იტალიის ბევრმა კლუბმა გამოხატა, აგრეთვე, ცნობილმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა.

 

„გენუიდან ცნობებით შოკირებული ვართ. ჩვენი ფიქრები ქალაქის მაცხოვრებლებთანაა. უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ ყველა სამსახურისა და მოხალისეების მიმართ, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში არიან ჩართული“, – წერს „უდინეზე“.

 

„იტალიასა და გენუას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ვუთანაგრძნობთ ქალაქის მკვიდრთ და ყველას, ვინც ხიდის ჩამონგრევით დაზარალდა“, – წერია „ინტერის“ განცხადებაში.

 

„ასჯერ გამივლია ამ ხიდზე, ეს საშინელი ტრაგედიაა. ვლოცულობთ გენუისა და ყველა დაზარალებულისთვის“, – მოჰყავს „ჯენოას“  ყოფილი ფეხბურთელის, ნახევარმცველ სტეფანო სტურაროს სიტყვები Corriere dello Sport-ს.

 

„ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და მთელს ქალაქთანაა. ამ რეგიონს ეს არ დაუმსახურებია“, – დაწერა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი