logo_geo
რა განადგურდა და რა გადაურჩა ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძარს
- +

5 სექტემბერი. 2018. 18:33

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა. 2 სექტემბერს, ძლიერმა ხანძარმა ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი გაანადგურა.

 

მძვინვარე ცეცხლმა წუთებში შთანთქა ორასი წლის განმავლობაში ადამიანთა მიერ შეგროვებული ფასდაუდებელი ცოდნა და არაერთი სამეცნიერო კვლევა.

 

1818 წელს დაარსებული მუზეუმი ბრაზილიის უძველესი სამეცნიერო ინსტიტუცია იყო და ინახავდა 20 მილიონზე მეტ ექსპონატს.

 

მათ შორის იყო ადგილობრივთა ისეთი ენების აუდიოჩანაწერები, რომლებზეც დღეს აღარავინ საუბრობს; უძველესი არტეფაქტები ანდების მთებიდან; ფრესკები პომპეიდან; სამარხებში აღმოჩენილი საგანძურები; მილიონობით პეპელა და სხვა ფეხსახსრიანი.

 

ზარალის სრული ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ ოფიციალურ პირთა განცხადებით, მთავარ შენობაში ცეცხლმა დიდი ალბათობით, ყველაფერი გაანადგურა - სრული კოლექციის თითქმის 90 პროცენტი, დაახლოებით ორჯერ მეტი ექსპონატი, ვიდრე მთლიანად ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი ნანგრევებად არის ქცეული, ცეცხლს რამდენიმე ექსპონატი მაინც გამოსტაცეს.

 

აწ უკვე ფერფლად ქცეული მუზეუმის ზოოლოგიის პროფესორმა პაულუ ბუკუპმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ რაც შეიძლება მეტი მოლუსკისა და ზღვის სხვა სახეობების გამოტანა მოახერხეს მანამ, სანამ ცეცხლი ზედმეტად სახიფათო გახდებოდა.

 

მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, მათ მიერ გადარჩენილი ექსპონატები მაინც ზღვაში წვეთია დაკარგულ მემკვიდრეობასთან შედარებით.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლიდან „ძვლების ფრაგმენტების“ ამოტანა შეძლეს, მაგრამ არავინ იცის, ეკუთვნის თუ არა ეს ძვლები 12 000 წლის ჩონჩხს, სახელად ლუიზას, რომელიც ამერიკის კონტინენტზე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნამარხი იყო.

 

მუზეუმის ვიცე-დირექტორის კრისტინა სერეჟუს განცხადებით, ფერფლში ჯერ კიდევ ეძებენ ექსპონატთა ნარჩენებს, რომლებიც შემდეგ შემოწმებისათვის ლაბორატორიაში გადააქვთ.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ შენობაში გადარჩენილი თითქმის არაფერია, მეცნიერებმა მთელი ყურადღება დარჩენილ 10 პროცენტს მიაპყრეს. მუზეუმის ჰერბარიუმი, მთავარი ბიბლიოთეკა და ზოგიერთი ხერხემლიანი და უხერხემლო ცხოველის ნიმუში ცალკე შენობაში იყო განთავსებული, რომელიც ცეცხლის ალს ძირითადად ხელუხლებელი გადაურჩა.

 

მიუხედავად გავრცელებული ცნობისა, რომ თითქოს ხანძრის დროს ახლომდებარე ქუჩებში ცეცხლწაკიდებული ფურცლები დაფრინავდა, ცალკე შენობაში მდებარეობის გამო, უზარმაზარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა მაინც გადარჩა. ბიბლიოთეკაში ინახება დაახლოებით ნახევარი მილიონი ტომი, მათ შორის 2400 უიშვიათესი ნამუშევარი.

 

მაგრამ ასე იღბლიანი არ აღმოჩნდა 7000 ხერხემლიანი ცხოველის კოლექცია. ხანძრის შემდეგ, გვერდით მიერთებულ შენობას უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია, რაც ექსპონატებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

 

ხერხემლიანთა დეპარტამენტის მკვლევრის მარსელუ ვეშლერის განცხადებით, მრავალი ცხოველის ნაშთი აუცილებლად გაყინული უნდა იყოს, მაგრამ არ არის ელექტროენერგია“.

 

შედარებით მარტივი აღმოჩნდა მათი უხერხემლო თანამოძმეების გადარჩენა. როგორც მუზეუმის პროფესორმა დებორა პირეშმა Twitter-ზე დაწერა, გადარჩენილია ასევე ცალკე შენობაში დაცულ უხერხემლოთა 80 პროცენტი.

 

თუმცა, ერთი აშკარა გადარჩენილი ფერფლად ქცეულ მთავარ შენობაშიც მოიძებნება.

 

ეს გახლავთ ბენდეგოს მეტეორიტი, რომელიც უდიდესია ბრაზილიაში აღმოჩენილ მეტეორიტთა შორის. ის იმ რამდენიმე ექსპონატს შორისაა, რომელიც ხანძარს თითქმის ხელუხლებელი გადაურჩა. მეტეორიტი განთავსებულია მთავარ შენობაში, პედესტალზე.

 

რკინა-ნიკელის კოსმოსური ქვა 5,26 ტონას იწონის და 1650 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას უძლებს. აღმოაჩინეს 1888 წელს, ბაიას შტატში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი