logo_geo
აშშ-ი, საფრანგეთი, გერმანია და კანადა სკრიპალების მოწამვლის გამოძიების საქმეში ბრიტანეთის დასკვნას ეთანხმებიან
- +

6 სექტემბერი. 2018. 20:55

 

 

აშშ, საფრანგეთი, გერმანია და კანადა ეთანხმებიან დიდი ბრიანეთის დასკვნას, რომ სოლსბერიში სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლა „დიდი ალბათობით“ რუსეთის მთავრობის განკარგულებით მოხდა, – ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

 

უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმე განიხილება.

 

დიდი ბრიტანეთის მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად გაასაჯაროოს „ნოვიჩოკის“ პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს აღშფოთებას 4 მარტს სოლსბერიში „ნოვიჩოკის“ სახელით ცნობილი ნერვული ქიმიური აგენტის გამოყენების გამო“, – ნათქვამია ტერეზა მეის, ემანუელ მაკრონის, ანგელა მერკელის, ჯასტინ ტრიუდოსა და დონალდ ტრამპის ერთობლივ განცხადებაში.

 

ამასთან, დასავლელი ლიდერები მიესალმებიან გამოძიების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

 

„ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ ბრიტანულ შეფასებაში, რომ ორი ეჭვმიტანილი რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის, იგივე გრუ-ს ოფიცერია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

5 სექტემბერს სკოტლანდ იარდმა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების სახელები გაასაჯაროვა. მოგვიანებით კი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ყოფილი ორმაგი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები დაადანაშაულა. ტერეზა მეის თქმით, ისინი რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.

 

 

big_banner
არქივი