11 სექტემბრის ტერაქტიდან 17 წელი გავიდა.
17 წლის წინათ, 2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, „ალქაიდას“ 19 თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.
დღემდე, 2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641 მსხვერპლი, მათგან 77% იყო კაცი, 23% - ქალი. ტერაქტს 87 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა.
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავები ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება ტერორისტებს უჭერდა მხარს. კოლექტიური სარჩელის ავტორი დაახლოებით 800 ადამიანია.
ნიუ-იორკში მხოლოდ 17 წლის შემდეგ, 2018 წლის 9 სექტემბერს გაიხსნა ტერაქტისას განადგურებული მეტროს სადგური.