logo_geo
დონალდ ტრამპი: აშშ-ის მომავალი იწერება არა ჩვენი მტრების, არამედ ჩვენი გმირების მიერ
- +

12 სექტემბერი. 2018. 03:14

 

 

„აშშ-ი არასდროს დაემორჩილება ტირანიას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტის მე-17 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი სამგლოვიარო ღონისძიებებს პენსილვანიაში, შენკსვილში დაესწრნენ, სადაც 2001 წელს ტერორისტების ორგანიზებით რეისი 93 ჩამოვარდა.

 

„ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ამ წმინდა მიწაზე, რომ პატივი მივაგოთ სამი ათასამდე სულს, რომელიც 17 წლის წინ ამ დღეს მოკლეს. აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ რეის 93-ის 40 მგზავრსა და ეკიპაჟის წევრს, რომლებიც მტერს წინ აღუდგნენ, საკუთარ ბედზე კონტროლი ხელში აიღეს და ისტორიის სვლა შეცვალეს. დღეს ჩვენ ვგლოვობთ მათ დაკარგვას. ვყვებით მათ ისტორიას და აღვნიშნავთ მათ არაჩვეულებრივი ღირსებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა 11 სექტემბრის ტერაქტების დროს გარდაცვლილთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა.

 

„დღეს მთელი ამერიკა ერთიანდება. თქვენი ცრემლი მარტო არ იღვრება, თქვენს ტკივილს იზიარებს მთელი ერი. ჩვენ ვგლოვობთ თითოეულ დედას და მამას, დას და ძმას, შვილს, რომელიც წაგვართვეს ტყუპ ცათამბჯენებში, პენტაგონსა და აქ პენსილვანიის ველზე. ჩპატივს მივაგებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს და პირობას ვდებთ, რომ არასდროს შევადრკებით ბოროტების წინაშე, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამერიკის უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

მისი თქმით, ამერიკის მომავალი იწერება არა მტრების, არამედ – გმირების მიერ.

 

„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ თავისუფალი ადამიანები არასდროს არიან ბოროტების ტყვეობაში, რადგან ჩვენი ბედი ყოველთვის ჩვენს ხელთ არის. ამერიკის მომავალი არ იწერება ჩვენი მტრების მიერ. ამერიკის მომავალი იწერება ჩვენი გმირების მიერ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, 17 წლის წინ 40-მა ქალმა და კაცმა აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ დედამიწაზე ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს ამერიკულ სულს.

 

2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა. მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეოთხე ავიალაინერი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის შტატში, ქალაქ შენკსვილთან ჩამოვარდა.

 

ალ ყაიდას მიერ ორგანიზებული ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს თავდასხმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი