logo_geo
რეიგანის ქალიშვილი 40 წლის წინ მომხდარ სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდა
- +

26 სექტემბერი. 2018. 01:36

 

 

აშშ-ის სენატში ტრამპის მიერ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი ბრეტ კავანოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს. 

 

გასულ კვირას კავანოს ყოფილმა თანაკლასელმა, ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტინ ბლეისი ფორდმა დასდო ბრალი სექსუალურ მეძიებლობაში. მისი თქმით, ეს მოხდა საღამოს წვეულებაზე, მეგობრებთან, 1982 წელს, მაშინ როდესაც ისინი 16-17 წლისანი იყვნენ. მთვრალმა კავანომ, ასევე მთვრალი მეგობრის თანდასწრებით, ის საწოლზე წააქცია და გაუპატიურება დაუპირა. კრისტინი შეეცადა ეყვირა, მაგრამ კავანომ მას პირზე ხელი ააფარა. მისი ქცევა იმდენად აგრესიული იყო, რომ კრისტინი შიშმა შეიპყრო, კავანოს ის შემთხვევით არ შემოკვდომოდა. რაღაც დროის შემდეგ მას სხვა თანაკლასელი მიეშველა, დააცხრა ზემოდან კავანოს და ის გოგონას მოაცილა.

 

ბრალდების საპასუხოდ კრისტინ ფორდს ტრამპის მომხრეების მთელი არმია, თავად დონალდ ტრამპის მეთაურობით, დაესხა თავს. ტრამპი თავდაპირველად კომენტარს არ აკეთებდა და მოსამართლე კავანოს ზოგადი სიტყვებით უჭერდა მხარს, დღეს კი პერსონალურად მიიტანა იერიში კრისტინზე და ტვიტერზე დაწერა, რომ თუ სექსუალური მეძიებლობა ნამდვილად ასე საშიშ ფორმაში მოხდებოდა, მაშინ ის და მისი მშობლები პოლიციას მიმართავდნენ. ბევრი რესპუბლიკელი კრისტინს თავს იმის გამო დაესხა, რომ ის ვერ იხსენებს ზოგიერთ დეტალს, მაგალითად, იმ სახლის მისამართს, სადაც წვეულება იყო და ზუსტ თარიღს.

 

კრისტი ფორდს მხარდაჭერა გამოუცხადა რონალდ რეიგანის ქალიშვილმა, 65 წლის პატი დევისმა, რომელიც "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ თავად განიცადა სექსუალური ძალადობა და არ ახსოვს ბევრი დეტალი.

 

დევისი იხსენებს, რომ დაახლოებით 40 წლის წინ მას მუსიკალურმა პროდიუსერმა თავის ოფისში შეხვედრა დაუნიშნა. დევისი მაშინ მუსიკას წერდა და მისი ერთ-ერთი სიმღერა ჯგუფ Eagles ალბომში მოხვდა. შეხვედრა საეჭვოდ გვიან დროს იყო დანიშნული, თუმცა დევისს იმდენად უნდოდა, რომ მისი სიმღერები იმ მუსიკოსებთან მიეღწიათ, რომლებსაც პროდიუსერი წარმოადგენდა, რომ ამაზე ყურადღება აღარ გაუმახვილებია.

 

"მე მივიტანე კასეტა ჩანაწერებით, მაგრამ არ მახსოვს, რა მითხრა პროდიუსერმა ჩემ სიმღერებზე. არც ის მახსოვს, რაზე ვსაუბრობდით. მე მახსოვს ჩაბბნელებული ცა ფანჯარაში მისი მაგიდის უკან. მე მახსოვს, რომ მივხვდი, შენობა უკვე ყველამ დატოვა და მარტო ჩვენ ვიყავით იქ. მე მახსოვს მისი სახე, მისი თმები და რა ეცვა მას. მე 90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მან მაგიდის უჯრიდან კოკაინი ამოიღო, მე მას უარი ვუთხარი შეთავაზებაზე, შემესუნთქა კოკაინი არა იმიტომ, რომ არ მოვიხმარდი - მე მას მოვიხმარდი იმ წლებში, არამედ იმიტომ, რომ ცუდად გავხდი". "ჩემი მოგონებები კოკაინზე უარის თქმის შესახებ, როგორც უკვე ვთქვი, სადღაც 90%-ის ფარგლებშია ზუსტი. ის, რაც შემდეგ მოხდა, წარუშლელია მეხსიერებიდან." "ის ისე სწრაფად მეტაკა, შემიძვრა ხელებით ქვედატანის ქვეშ და დამეწება ტუჩებით ტუჩებზე, რომ მე გავშეშდი." მას არ გამოუყენებია პრეზერვატივი." "რატომ არ გამოვიქეცი იქედან? რატომ არ ვკარი მას ხელი? რატომ გავშეშდი? მე არ მახსოვს, რა თვე იყო. მე არ მახსოვს, იყო თუ არა იქ მისი ასისტენტი, როდესაც მე მივედი. მე არ მახსოვს, ვუთხარით თუ არა ჩვენ ერთმანეთს რამე, როდესაც მე წამოვედი. ათეული წლების მანძილზე მე არავისთვის არაფერი მითქვამს - არც მეგობრებისთვის, არც ბიოფრენდისთვის, არც თერაპევტისთვის, არც ქმრისთვის, როდესაც გავთხოვდი"

 

მეხსიერება, წერს დევისი, შემოინახავს ტრავმატული ხასიათის კადრებს, სხვა დეტალები კი დავიწყებას ეძლევა.

 

კრისტინ ფორდმა მიმართა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რათა დაიწყოს გამოძიება ბრეტ კავანოს მხრიდან სექსუალური მეძიებლობის შესახებ. მან აგრეთვე გამოთქვა მზადყოფნა, წარდგეს სახალხო მოსმენაზე კონგრესის წინაშე და მისცეს ჩვენება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი