logo_geo
აზერბაიჯანელმა ქალმა ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა
- +

10 ოქტომბერი. 2018. 21:32

 

 

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლეს მრავალმილიონიანი ქონების წარმომავლობის დადასტურებას სთხოვს. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ზამირა ჰაჯიევა პირველია, ვის წინააღმდეგაც ლონდონმა ახალი ანტიკორუფციული კანონი აამოქმედა.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰაჯიევამ ათი წლის განმავლობაში პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. მან ასევე შეიძინა ფეშენებელური სახლი და გოლფის მოედანი ბერკშირში, რაც ასევე სოლიდურ თანხად არის შეფასებული.

 

დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ზამირა ჰაჯიევა ცნობილი ბრენდის სამკაულსა და ტანსაცმელში ასობით ათას გირვანქა სტერლინგს ხარჯავდა. მაგალითისთვის, Cartier-ში მან ერთ დღეში 100 000 ფუნტ სტერლინგად შეფასებული ძვირფასეულობა იყიდა.

 

გამოძიების მიხედვით, აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლმა სხვადასხვა დროს, მისი მეუღლის ბანკის მიერ გამოშვებული 35 საკრედიტო ბარათი გამოიყენა.

 

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ჰაჯიევას და მის მეუღლეს ქონებისა და შემოსავლის წყაროს დადასტურება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ ქონებას ჩამოართმევენ.

 

თავად ჰაჯიევა ამტკიცებს, რომ ის და მისი მეუღლე უდანაშაულოები არიან.

 

 

big_banner
არქივი