logo_geo
ტერეზა მეიმ მარტოობასთან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:23

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარტოობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია წარადგინა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„დღეს მარტოობა ბრიტანული საზოგადოების ძალიან ბევრ წარმომადგენელს აწუხებს და ეს რეალობაა. მარტოობა შეიძლება შეეხოს ყველას, განურჩევლად ასაკისა და ინტელექტუალური შესაძლებლობებისა“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

მისივე თქმით, მარტოობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ ცვლილებებს შორის, რომელიც ქვეყანაში დაიწყება და რაც მიმართული იქნება მარტოობის პრობლემის დასაძლევად.

 

დოკუმენტის მიხედვით, ამიერიდან ექიმებს საშუალება ექნებათ, გამოავლინონ ის პაციენტები, რომლებიც მარტოობით იტანჯებიან და მათ შესახებ ინფორმაცია სოციალურ მუშაკებს წარუდგინონ.

 

ტერეზა მეის თქმით, მთავრობის სტრატეგია მარტოსულ ადამიანებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

 

სტრატეგიის ფარგლებში, ჯანდაცვის ეროვნული სამსახური დამატებით დაფინანსებას მიიღებს. ამ თანხებით მარტოსულ ადამიანებს სხვადასხვა აქტივობებში ჩართავენ. მათ შორის, ისინი მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ მასტერ კლასებში და ივლიან შემოქმედებით წრეებზე.

 

ამას გარდა, მთავრობა დამატებით გამოყოფს 1,8 მილიონ გირვანქა სტერლინგს, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რაოდენობა გაზარდოს. ეს თანხა ახალი კაფეების, რესტორნების და სხვა დაწესებულებების გახსნაზე დაიხარჯება.

 

ტერეზა მეის თქმით, ეს დოკუმენტი ავალდებულებს დამსაქმებლებს, თანამშრომელთა მარტოობასთან ბრძოლაში ჩაერთოს.

 

ამასთან, მთავრობა გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას დიდი ბრიტანეთის ფოსტასთან, კერძოდ, ფოსტის თანამშრომლები ვალდებულები იქნებიან, ესაუბრონ მარტოსულ მოქალაქეებს და დაეხმარებიან მათ ნათესავებსა და ახლობლებთან კონტაქტის დამყარებაში.

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თქმით, მარტოობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია 2023 წლიდან სრულად ამოქმედდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი