logo_geo
დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ რუსეთთან ცივი ომისდროინდელ მთავარ შეთანხმებას გაწყვეტს - რატომ არის ეს საშიში?
- +

22 ოქტომბერი. 2018. 03:02

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ნევადაში, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რუსეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ის „მრავალი წლის“ განმავლობაში არღვევდა “ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას“ (INF Treaty) და ასევე გააკრიტიკა ბარაკ ობამა, რომელსაც მისი თქმით, ხელშეკრულება ადრეც უნდა გაეწყვიტა. The New York Times-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტლება თეთრ სახლში ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ოფიციალურ ბრძანებას შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში მოეწეროს ხელი. 21 ოქტომბერს მოსკოვს ეწვევა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი. სავარაუდოდ, ამ ვიზიტის ფარგლებში გააცნობენ რუსეთის ხელისუფლებას ვაშინგტონის გადაწყვეტილებას.

რა შეთანხმებაა INF და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

„ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას“ (INF Treaty) 1987 წლის 8 დეკემბერს სსრკ-ს პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა და აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მოაწერეს ხელი. სახელმწიფოები შეთანხმდენენ, რომ გაანადგურებდნენ და აღარ აწარმოებდნენ მომავალში დედამიწაზე ბაზირებულ ახლო (500-დან 1000 კმ-მდე) და საშუალო (1000-დან 5,5 ათას კმ-მდე) მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ და მფრინავ რაკეტებს. მოწინააღმდეგის ტერიტორიის მახლობლად განთავსებულ ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეეძლო. შეთანხმების პრეამბულაში ნათქვამია, რომ მხარეებმა გადაწყვიტეს ამ დოკუმენტის გაფორმება, რადგან „აცნობიერებენ, რომ ბირთვულ ომს კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება“. შეთანხმება უვადოა.

რუსეთი რას აპირებს?

აშშ და რუსეთი დიდი ხანია ერთმანეთს ამ შეთანხმების დარღვევაში ადანაშუალებენ. 2014 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოსცადა მფრინავი რაკეტა, რომელიც თავისი მახასიათებლებით ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ აკრძალვას ექვემდებარება. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ არაფერი დაურღვევიათ. იმავდროულად მოსკოვი ვაშინგტონს ადანაშაულებდა ხელშეკრულების შეუსრულებლობაში - კერძოდ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის გლობალური სისტემა განათავსა.

ამასთან, შეთანხმების დატოვებაზე რუსეთის ხელისუფლებაც ფიქრობდა. INF Treaty მხოლოდ რუსეთს და აშშ-ის ეხებათ - სხვა ქვეყნებს ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოება შეუძლიათ. რაზეც 2014 წელს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც პაკისტანია, შესაბამისად ხელშეკრულების გადახედვა არ გამორიცხა.

2017 წელს შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ჩვენ ჩვენი სურვილით არსაიდან გასვლას არ ვაპირებთ“. როგორც The New York Times-ი წერს, აშშ-ის სურვილი დატოვოს შეთანხმება ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ დოკუმენტი მხოლოდ რუსეთს ზღუდავს და არა სხვა სახელმწიფოებს: ვაშინგტონი უფრთხის ჩინეთის მზარდ სამხედრო გავლენას წყნარი ოკეანის რეგიონში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეთრი სახლის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაელოდება. უწყებამ ნეგატიურად შეაფასა ვაშინგტონის სურვილი და აღნიშნა, რომ ეს სახიფათო ნაბიჯია, რომელსაც საერთშორისო თანამეგობრობა დაგმობს.

სპეციალისტები რას ამბობენ?

როგორც რუსი, ასევე ამერიკელი ექსპერტებიც აცხადებენ, რომ შეთანხმების შეწყვეტას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. მათი თქმით, თუ ხელშეკრულება გაუქმდება, ბირთვული დარტყმის საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს მთელი ევროპა, ხოლო ევროპა - შეერთეული შტატების მოკავშირეა. ამიტომ სპეციალისტების აზრით, ეს ჯერჯერობით შანტაჟს უფრო ჰგავს და ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სერიოზულ ვნებათაღელვას გამოიწვევს ევროპაში: ამერიკელებს მოუწევთ ევროპაში შეიარაღების განთავსება, რუსეთს კი პასუხად ევროპის დაშინება ბირთვული რაკეტებით.

ექსპერტები ევროპაში ახალი „გამალებული შეიარაღების“ საფრთხეზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა ევროპას აღაშფოთებს და ნატოს მოკავშირეებს კიდევ უფრო დააშორებს ერთმანეთისაგან.

 

 

big_banner
არქივი