logo_geo
ბიბლიის მუზეუმში დაცული მკვდარი ზღვის გრაგნილები ყალბი აღმოჩნდა
- +

23 ოქტომბერი. 2018. 15:45

 

ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმში დაცული მკვდარი ზღვის გრაგნილთა სახელით ცნობილი გაცრეცილი ხელნაწერები შეუფასებელი არტეფაქტებია. ზოგიერთი მათგანი ძველ აღთქმაზე უფრო ძველია.

 

ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ისინი ყალბი აღმოჩნდა. ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმმა, რომლის კოლექციის ფასიც 500$ მილიონია, განაცხადა, რომ მათთან დაცული მკვდარი ზღვის გრაგნილების ფრაგმენტებიდან ხუთი ცალი სინამდვილეში ყალბია. მუზეუმი იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მის კოლექციაში დაცული სხვა გრაგნილებიც ყალბი იყოს.

 

მუზეუმის განცხადებით, გერმანიაში ჩატარებული დამოუკიდებელი შემოწმება მიუთითებს, რომ მათთან დაცული მკვდარი ზღვის 16 გრაგნილიდან ხუთი ყალბია.

 

უცნობია, რამდენი გადაიხადა ბიბლიის მუზეუმმა ყალბი არტეფაქტების შესაძენად, მაგრამ სავარაუდოდ, საქმე მილიონებს ეხება.

 

მკვდარი ზღვის გრაგნილები უძველეს პერგამენტთა კოლექციაა, რომელიც ძველი აღთქმის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ტექსტებს შეიცავს. ისინი განსაკუთრებით ფასდაუდებელია ბიბლიურ არქეოლოგიაში.

 

შემორჩენილი ფრაგმენტები ძვ. წ. მე-3 საუკუნეს მიეკუთვნება. 1940-იან წლებში ისინი მწყემსმა აღმოაჩინა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, გამოქვაბულში.

 

მას შემდეგ, ამ გრაგნილების ნამდვილი ბუმი დაიწყო. ბაზარზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ კოლექციონერები ყალბ ეგზემპლარებსაც ქმნიდნენ.

 

როგორც ჩანს, რამდენიმე სწორედ ასეთი ყალბი ნიმუში მოხვდა ბიბლიის მუზეუმშიც.

 

გრაგნილების ზოგიერთი ფრაგმენტის სიყალბის შესახებ მკვლევრებმა მოსაზრება პირველად 2017 წელს გამოთქვეს. საბოლოოდ, გერმანიაში ჩატარებულმა მაღალტექნოლოგიურმა ანალიზებმა მათი ეჭვი დაადასტურა.

 

მკვდარი ზღვის გრაგნილთა ექსპერტის, კიპ დევისის განცხადებით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბიბლიის მუზეუმის კოლექციაში სულ მცირე შვიდი ფრაგმენტი იყოს გამყალბებელთა ნახელავი.

 

ბიბლიის მუზეუმმა ხუთივე ყალბი ფრაგმენტი ჩვენებიდან მოხსნა და მათ ადგილას სამი სხვა გრაგნილი გამოფინა, მაგრამ უცნობია, არის თუ არა ისინი მაინც ნამდვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი