„BBC“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონაკოში რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლევი 6 ნოემბერს მონაკოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს.
ფრანგული გამოცემა „Le Monde“ წერს, რომ მონაკოს გენერალურმა პროკურორმა ბიზნესმენის საქმიანობის გამოძიება კორუფციის, სავაჭრო გავლენისა და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით დაიწყო.
„BBC“ კი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რიბოლოვლევის დაკავება ნახატებს უკავშირდება. მონტე-კარლოში ბიზნესმენის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
რიბოლოვლევს შვეიცარიაში არტ-დილერ ივ ბუვიესთან სასამართლო დავა ჰქონდა. რუსი ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ ბუვიე ნახატებს გადაჭარბებულ ფასად ყიდდა. მილიარდერი აცხადებდა, რომ ამგვარი მოტყუებით მან ერთი მილიარდი დოლარი დაკარგა.
რიბოლოვლევის იურისტების განცხადებით, მონაკოს სასამართლო ორგანოებს ბუვიეს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვთ.
გამოცემა „Le Monde“ აღნიშნავს, რომ ბიზნესმენის დაკავება „მონაკოსა“ და „ბრიუგეს“ შორის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
ჟურნალი „ფორბსი“ რიბოლოვლევის ქონებას 6,8 მილიარდ დოლარად აფასებს.