logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვწამს ტურიზმის ტრანსფორმაციული ძალის
- +

18 იანვარი. 2017. 00:40



გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) სათაო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა.


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ორგანიზაციაში განთავსებული თითოეული დაფა ნიშანია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებისაგან ტურიზმის სფერო იმსახურებს.


„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან გვწამს ტურიზმის ტრანსფორმაციული ძალისა; ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, პრინციპები და იდეები, რომელთა თანახმად, ტურიზმი ხალხთაშორისი ურთიერთობების დამყარების, კულტურათა შორის ურთიერთგაცვლის, ეკონომიკური წარმატების ქვაკუთხედია. თითოეული ჩვენგანის აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ძალას არ ვკარგავთ და განვაგრძობთ ყველა მიმართულების მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გენერალური მდივნის, ტალებ რიფაის ხელმძღვანელობის მანძილზე მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ და ტურიზმის ინდუსტრიამ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორად ჩამოყალიბდა.


„საქართველოს მიერ, მოკრძალებულად დასახელებული გენერალური მდივნობის კანდიდატი, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი - გახლავთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩი, უზარმაზარი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში - ის ეკონომიკის ყოფილი მინისტრია და სწორედ ტურისტულ ინდუსტრიას კურირებდა. დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. ის იქნება ღირსეული მემკვიდრე და გაიზიარებს ორგანიზაციის მიერ, ბატონი ტალებ რიფაის პირადი ძალისხმევის შედეგად, აღიარებულ ღირებულებებსა და პრიორიტეტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს წარმატება უსურვა.


 

big_banner
არქივი