logo_geo
სემუელ ლითლი: ადამიანი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში შესაძლოა, ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი აღმოჩნდეს
- +

29 ნოემბერი. 2018. 18:06

 

 

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 78 წლის დამნაშავის ისტორიას ეხება.

 

სემუელ ლითლი სამი მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობას უკვე იხდის, თუმცა როგორც FBI-ს ანალიტიკოსები ანგარიშში იუწყებიან, მსჯავრდებულის სახელთან შესაძლოა, საერთო ჯამში 90 მკვლელობა იყოს დაკავშირებული.

 

FBI-ს ანგარიშის თანახმად, ტეხასში მომხდარი აქამდე გაუხსნელი ერთ-ერთი მკვლელობის მტკიცებულებებმა გამომძიებლები სემუელ ლითლამდე მიიყვანა. ამის შემდეგ ბიუროს ორი აგენტი ტეხასის შტატის რეინჯერთან ერთად დამნაშავეს ციხეში ესტუმრნენ და მისი ალაპარაკება სცადეს. თუმცა როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სემუელ ლითლი აღიარებითი ჩვენების მიცემით თავად იყო მოწადინებული.

 

მისისიპი - ერთი მოკლული, ოჰაიო - ერთი, არიზონა - სამი, ნევადა - ერთი. ეს იმ შტატების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც სემუელ ლითლის თქმით, 1970-დან 2005 წლამდე მკვლელობები ჩაიდინა. საერთო ჯამში დამნაშავე მთელი ქვეყნის მასშტაბით 90, აქამდე გაუხსნელ და ბურუსით მოცულ საქმეზე იღებს პასუხისმგებლობას.

 

FBI-ს ანალიტოკოსებით თქმით, საუბრის დროს სემულ ლითლმა ათობით მკვლელობის თითქმის ყველა დეტალი გაიხსენა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის თანახმად, დამნაშავეს ახსოვს, თითოეული დანაშაულის დროს რა ავტომობილს იყენებდა და როგორი გეგმა ჰქონდა. სემუელ ლითლს ყველა მსხვერპლის გარეგნობაც დეტალურად ახსოვს. როგორც თავად დამნაშავე ყვება, მისი სამიზნეები ძირითადად, მარგინალიზებული ქალები იყვნენ, რომლებიც პროსტიტუციაში ან ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყვნენ გარეულები. FBI-ს ანგარიშის თანახმად, ყველა მსხვერპლი სასტიკად ნაცემი და გაგუდული იყო.

 

სემუელ ლითლს სამი მკვლელობის გამო, სამი სამუდამო პატიმრობა უკვე აქვს მისჯილი. ის 2012 წელს, კენტუკის შტატში, უსახლკაროების თავშესაფარში დააკავეს, რის შემდეგაც მისი კალიფორნიაში ექსტრადირება განხორციელდა. სემუელ ლითლს ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჰქონდა წაყენებული. ციხეში ყოფნის დროს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ლითლის დნმ-ს სამი სხვადასხვა მკვლელობის საქმეებში მიაგნო. გამოძიების შემდეგ კი, მანამდე გაუხსნელ სამ საქმეში დამნაშავედ სწორედ სემუელ ლითლი ცნეს.

 

გამომძიებლები ლითლის აღიარებითი ჩვენების 90 შემთხვევას დეტალურად სწავლობენ. FBI-ის ანგარიშის თანახმად, 34 მათგანი უკვე დადასტურდა. თუ გამოძიების ფედერალური ბიურო დაადგენს, რომ სემუელ ლითლი აღნიშნულ 90 მკვლელობაში დამნაშავეა, ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი გახდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი