logo_geo
ავსტრალიაში აღმოჩენილი თვალწარმტაცი ოპალის ქვები დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის ნამარხები აღმოჩნდა
- +

6 დეკემბერი. 2018. 21:55

ავსტრალიაში, ოპალის მინდვრებზე ნაპოვნი ძვირფასი ქვები, პალეონტოლოგთათვის აქამდე უცნობი სახის დინოზავრის ნამარხები აღმოჩნდა.

 

აღმოჩენის ადგილისა და ოპალის მყიდველის, მაიკ პობენის პატივსაცემად, მას Weewarrasaurus pobeni უწოდეს. პობენმა მის მიერ შეძენილი ქვები მეცნიერებას უფასოდ უსახსოვრა.

 

ეს არსება დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ, ცარცულ ეპოქაში ცხოვრობდა, თანამედროვე ლაითნინგ-რიდჯის უდაბნოს ტერიტორიაზე, სადაც მაშინ სიცოცხლე ჩქეფდა.

 

აღმოჩენილია Weewarrasaurus-ის მხოლოდ ქვედა ყბის ნაშთი ხელუხლებელი კბილებით. თუმცა, ასეთი მცირე ფრაგმენტითაც კი, მის შესახებ ძალიან ბევრი რამ გაირკვა. მაგალითად, ის საკმაოდ პატარა, საშუალო ზომის ძაღლისოდენა უნდა ყოფილიყო.

 

ყბის ფორმასა და კბილებზე დაყრდნობით, პალეონტოლოგმა ფილ ბელმა განსაზღვრა, რომ ორნითოპოდების მცირე სახეობა უნდა ყოფილიყო. ორნითოპოდები ორ ფეხზე მოსიარულე, ბალახისმჭამელ დინოზავრთა ქვერიგია.

 

ლაითნინგ-რიდჯი ავსტრალიაში ნამარხების ნამდვილი სამოთხეა. ერთ დროს ის მდიდარი საძოვარი ყოფილა, ერომანგას გიგანტური შიდა ზღვის კიდეზე. ეს ზღვა ავსტრალიის მთელი კონტინენტის გასწვრივ იყო გადაჭიმული.

 

ამ ზონაში ერთ დროს არსებული მჩქეფარე პრეისტორიული სიცოცხლის ნაშთებს მეცნიერები ხშირად პოულობენ ქანებში. მილიონობით წლის განმავლობაში, ნამარხები ქვიშაქვადაა გადაქცეული.

 

ეს პროცესი ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ ავსტრალიაში რაღაც სხვანაირად მოხდა.

 

დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ, შიდა ზღვამ გაუჩინარება დაიწყო და გაიზარდა შრობის პროცესში მყოფი ქვიშაქვის მარილიანობა. ამან კი თავის მხრივ განაპირობა ქანებიდან სილიკატების გამოდევნა, რომლებიც შემდეგ ღრუებში და ჯიბებში შეგროვდა, დაახლოებით ისე, როგორც დაშლილი ძვლები.

 

მას შემდეგ, რაც მჟავიანობის დონე შემცირდა, სილიკატების ეს ჯიბეები ოპალის სახით გაქვავდა და ციარტყელას ფერებში გადაწყვეტილ მოციმციმე უძველეს ნაშთებად იქცა. ოპალიზაცია ისე უხვად მსოფლიოში არსად მომხდარა, როგორც ავსტრალიაში, ლაითნინგ-რიდჯში.

 

National Geographic-ის ცნობით, სწორედ ასეთი ოპალიზებული ქვედა ყბის ორი ნაშთი შეიძინა მაიკ პობენმა მაღაროს მუშებისგან.

 

ეს ნამარხები მხოლოდ ულამაზესი როდია. როგორც ბელი და მისი კოლეგები კვლევაში აღნიშნავენ, ამ აღმოჩენის წყალობით ირკვევა, რომ ავსტრალიაში ბინადრობდა ორნითოპოდების არა მხოლოდ ერთი ან ორი დიდი სახეობა, არამედ გაცილებით ბევრი სხვა პატარა სახეობაც.

 

ლაითნინგ-რიდჯში აღმოჩენილ ნამარხებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ იქ არსებულ მდიდარ ვეგეტაციაში ორნითოპოდთა პატარა სახეობები ბინადრობდნენ.

 

ეს კი საკმაოდ განსხვავდება ამერიკისგან, სადაც ბალახისმჭამელი პატარა დინოზავრები საკვებისთვის კონკურენციას უწევდნენ გიგანტურ დინოზავრებს.

 

Weewarrasaurus-ს ნამარხები მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაცილებით მეტი შეიტყონ, თუ რამდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მსოფლიო დინოზავრთა ბიომრავალფეროვნება.

 

ფილ ბელი და მისი ჯგუფი ამჟამად სხვა ოპალიზებული ნამარხების შესწავლაზეც მუშაობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი