logo_geo
მთელ მსოფლიოში აფეთქებების მუქარით ასობით წერილი იგზავნება
- +

14 დეკემბერი. 2018. 17:36

 

„ასობით კომპანიამ, სახელმწიფო დაწესებულებამ, სკოლამ, საავადმყოფომ და სხვა ორგანიზაციებმა აშშ-ში, კანადასა და ახალ ზელანდიაში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილები მიიღეს“, - წერს „Reuters“. წერილების ავტორები იმუქრებიან, რომ ბომბებს ააფეთქებენ, თუ გამოსასყიდის სახით 20 ათასი დოლარის ბიტკოინებს არ მიიღებენ. ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, წერილები აშშ-ის ბევრ შტატში იგზავნება, თუმცა ეს მუქარები „დამაჯერებელი“ არ არის. პოლიციელების აზრით, ბოროტმოქმედები სიტუაციის დესტაბილიზაციას ან ფულის მიღებას ცდილობენ.

 

დამნაშავეები ერთნაირი შინაარსის წერილებს აგზავნიან. ზოგს აქვს სათაური „ორჯერ დაფიქრდი“ ან „დრო ჭკვიანურად გამოიყენე“. ტექსტები მეორდება, მაგრამ მათ შორის მცირე სხვაობებია. ისინი იწყება გაფრთხილებით, რომ შენობაში, რომელშიც არის ორგანიზაცია, ამა თუ იმ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი ბომბებია ჩადებული. კერძოდ, ნახსენებია ტროტილი, ტეტრილი, გეკსოგენი. წერილის ავტორები ადრესატებს აფრთხილებენ, რომ ააფეთქებენ შენობას თუ ისინი დღის ბოლომდე თანხას არ გადაიხდიან ან პოლიციას დაუკავშირდებიან. ტექსტებში ბიტკოინ-საფულეების სხვადასხვა მისამართია მითითებული, რომელზეც ფული უნდა გადაირიცხოს. ჯერჯერობით უცნობია, გადაიხადა თუ არა ვინმემ გამოსასყიდი.

 

აფეთქების საფრთხის გამო ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა სან-ფრანცისკოს ებრაელთა საზოგადოებრივი ცენტრიდან, პენსილვანიაში - ადგილობრივი უნივერსიტეტიდან, ლოს-ანჯელესში - თამაშების Call of Duty შემქნელის, ჩრდილოეთ კაროლინაში - გამოცემის „News & Observer“ რედაქციიდან, ტორონტოში - მეტროს ხუთი სადგურიდან, ცნობილია ასევე ევაკუაციის შესახებ Facebook-ის ოფისიდან კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში, მაგრამ უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს მუქარის წერილს.

 

გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ამ წერილების შესახებ იციან. ბიუროს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდეს და სთხოვეს შეატყობინონ უწყებას იმ ქმედების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შეიძლება დაემუქროს. ახალ ზელანდიაში კიბერდანაშაულთან მებრძოლმა ჩინოსნებმა ივარაუდეს, რომ წერილებს თაღლითები აგზავნიდნენ. მათ ყველას, ვინც მსგავსს გზავნილს მიიღებს, ურჩიეს, რომ საფრთხე რეალურად მიიჩნიონ მანამ, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი