logo_geo
აშშ 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში
- +

19 იანვარი. 2017. 22:43


 

 

„ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია", -  ამ სიტყვბის წარმოთქმის შემდეგ დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება.



ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ამერიკის დემოკრატიის გამორჩეული ნიშანად ითვლება. ამიტომ ინაუგურაციის დღე, რომელიც ტრადიციულად 20 იანვარს იმართება, მკაცრად ფორმალიზებულია. ტრადიციულად ამ დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა 9 ღონისძიებაში უნდა მიიღო მონაწილეობა.


ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ისტორია საინტერსო ფაქტების ერთობლიობაა. ქვეყნის ისტორიაში პირველი საინაუგურაციო სიტყვა ჯორჯ ვაშინგტონმა წარმოთქვა 1789 წელს. იგი დღემდე ყველაზე მოკლე მიმართვაა, რომელიც სულ 135 სიტყვისგან შედგება, ხოლო პრეზიდენტის უილიამ მაკ-კინლის მიმართვა პირველი საინაუგურაციო სიტყვაა, რომელიც 1901 წელს ვიდეოფირზე ჩაიწერეს.


უცნობია, რამდენად მასშტაბური იქნება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, თუმცა მისი წინამორბედის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ინაუგურაცია ხალხმრავალი ღონისძიება იყო ვაშინგტონში.




ბარაქ ობამა ბევრი რამით იყო პირველი ამერიკის საპრეზიდენტო ისტორიაში. იგი არის პირველი აფრო-ამერიკელი ადამიანი, რომეელმაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ასევე პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჰავაიზე დაიბადა.


„დღეს, მე გეუბნებით თქვენ, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ რეალური, სერიოზული და ბევრია. ამ გამოწვევებს იოლად და მოკლე დროში ვერ გავუმკლავდებით, მაგრამ ამერიკამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს აუცილებლად გავუმკლავდებით", - ბარაქ ობამამ 2009 წლის 20 იანვარს 21 წუთის მანძილზე ისაუბრა და 2404 სიტყვით მიმართა ამერიკელ ხალხს.


 

 


1997 წელს ბილ კლინტონი მეორე ვადით აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად. ეს იყო პირველი ინაუგურაცია, რომელიც ინტერნეტ-ლაივით გადაიცემოდა.


 

 


აბრაამ ლინკოლნის საინაუგურაციო მსვლელობა კაპიტოლიუმის მიმართულებით მძიმედ შეიარაღებული ცხენოსნებითა და ქვეითად მოსიარულე ადამიანებით იყო გარშემორტყმული.  ცერემონიაზე უპრეცენდენო რაოდენობის დაცვა იყო წარმოდგენილი ახლადარჩეული პრეზიდენტის  დასაცავად, რადგან ქვეყანა ომის ზღვარზე იმყოფებოდა.


„ჩემო თანამემამულეებო, თქვენს და არა ჩემს ხელშია სამოქალაქო ომის საკითხის გადაწყვეტა. მთავრობა თქვენ თავს არ დაგესხმებათ, კონფლიქტი არ იარსებებს თუ თავადვე არ იქნებით აგრესორები. თქვენ არ ხართ ფიცით შებოჭილები გაანადგუროთ  მთავრობა, მაშინ, როცა მე საზეიმო ფიცი მაქვს დადებული შევინარჩუნო გავუფრთხილდე და დავიცვა იგი", - განაცხადა ლინკოლნმა.


ლინკოლნის მეორე საპრეზიდენტო ინაუგურაცია იმით იყო გამორჩეული, რომ პირველად ამერიკის ისტორიის მანძილზე აფრო-ამერიკელებიც მონაწილეობდნენ საინაუგურაციო მსვლელობაში.


 

 


ჯონ კენედის ინაუგურაცია იყო პირველი, სადაც არჩეული პრეზიდენტის ორივე მშობელი ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა. როგორც პირველი კათოლიკეე პრეზიდენტი ჯონ კენედი, პირველი იყო, ვინც ბიბლიის კათოლიკური ვერსია გამოიყენა ფიცის დასადებად. კენედის ინაუგურაცია ასევე პირველი იყო ისტორიაში, რომელიც ტელევიზიამ ფერადი ეკრანის საშუალებით გადასცა.


„მაშ ასე, ჩემო თანამემამულეებო, იკითხეთ არა ის თქვენს ქვეყანას რა შეუძლია თქვენთვის გააკეთოს, არამედ ის, თუ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის", - მიმართა კენედიმ ამერიკის მოქალაქეებს.


 

 

ფრანკლინ დელანო რუზველტი პირველი პრეზიდენტი იყო, რომლის ინააუგურაციაც 20 იანვარს, კონსტიტუციაში მეოცე შესწორების შეტანის გამო გაიმართა. პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრ სახლში გამართულ ლანჩზე ცხელი ყავით, სენდვიჩებითა და ნამცხვრით 600 სტუმარს გაუმასპინძლდნენ.


ფრანკლინ დელანო რუზველტი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი მესამედ დადო. მან და პირველმა ლედიმ თეთრ სახლში 1 200 სტუმარს უმასპინძლეს. სტუმრებს წყვილი მესამე ჯერზე, პომიდვრის სუპით, სალათებით ნამცხვრით, ყავით, ნაყინითა და ხორცეულით გაუმასპინძლდა.


ფრანკლინ დელანო რუზველტი პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა მეოთხე ვადით დაიკავა, 1951 წელს ამერიკის კონსტიტუციაში 22-ე შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება 2 ვადაზე მეტით არ შეიძლება.

 

 




1981 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის პირველი ინაუგურაცია შედგა, ეს იყო ყველაზე თბილი საინაუგურაციო დღე საპრეზიდენტო ისტორიაში, რეიგანის მეორე ინაუგურაცია 1985 წლის 21 იანვარს გაიმართა, რომელიც ყველაზე ცივი დღე იყო საპრეზიდენტო ისტორიში, ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცა.


 



20 იანვარს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაცია 09:30 საათზე დაიწყება. ელოდებიან, რომ ღონისძიებას 750 000 ადამიანი დაესწრება. უკვე ცნობილია, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება ამერიკის 41- ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი. ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში უფროსი ბუში წერს, ექიმები მას ინაუგურაციაზე დასწრებისგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავის შეკავებას ურჩევენ.



დონალდ ტრამპის ინაუგურაცაიზე ეროვნულ ჰიმნს 16 წლის სოპრანო ჯეკი ევანჩო შეასრულებს. რაც შეეხება საინაუგურაციო სიტყვას, CNN-ის ცნობით, მისი სამუშაო ვერსია დონალდ ტრამპმა თავად დაწერა. დონალდ ტრამპი ფიცს ორ ბიბლიაზე, საკუთარს და აბრაამ ლინკოლნის ბიბლიაზე დადებს. აბრაამ ლინკოლნის მიერ ფიცის დადებისას გამოყენებული ბიბლია საპრეზიდენტო ფიცის დასადებად მხოლოდ ერთმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოიყენა.


ინაუგურაციის პარალელურად არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მათი უმეტესობის ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდა, თუმცა უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ზომებს იღებს.


 

 

 

რონალდ რეიგანის ინაუგურაცია 1981 წლის 20 იანვარს. ფოტო აშშ-ის ეროვნული არქივი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი