ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს უთხრა, რომ დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობი ისრაელის ტერიტორიად აღიაროს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, გოლანის მაღლობზე ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
გოლანის მაღლობი სადავო ტერიტორიაა ახლო აღმოსავლეთში. 1967 წლამდე შედიოდა სირიის პროვინცია კუნეიტრის შემადგენლობაში. ექვსდღიანი ომის მსვლელობისას დაიკავა ისრაელმა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე. თუმცა გაერო-ს უშიშროების საბჭომ თავისი რეზოლუციით არ აღიარა ეს აქტი. როგორც ისრაელი, ისე სირია გოლანის მაღლობებს თავიანთ ტერიტორიად მიიჩნევენ.
ჯონ ბოლტონმა იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, ქვეყნის შესაძლებლობა, დაიცვას თავი, სახელმწიფოს სუვერენიტეტის მთავარი გამოცდაა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის პირობებში აშშ-ისრაელის საუკეთესო ურთიერთობა აქვთ.
„მივმართავ რეგიონის ყველა ქვეყანას, ვინც ეჭვობს, რომ აშშ ისრაელს დაიცავს თუ არა. დაფიქრდით კიდევ ერთხელ“, - აღნიშნა ბოლტონმა.