logo_geo
ხუან გუაიდო ევროკავშირისგან ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს
- +

30 იანვარი. 2019. 10:53

 

ხუან გუაიდო ევროკავშირისგან ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ზემოქმედების გაძლიერებას ითხოვს. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციონერმა ლიდერმა „Bild“-თან ინტერვიუში განაცხადა. გერმანულ გამოცემასთან საუბრის დროს ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ ვენესუელა დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და ლათინური ამერიკის ქვეყანაში სულ უფრო მეტ ადამიანს კლავენ. მისივე თქმით, ამ პირობების გათვალისწინებით, ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, ნიკოლას მადუროს რეჟიმზე სანქციები უნდა დააწესოს.

 

როგორც ხუან გუაიდომ „Bild“-თან ინტერვიუში აღნიშნა, ვენესუელელი ოპოზიციონერები მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. გუაიდოს განმარტებით, ამას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც მოწმობს.

 

როგორც უკვე ცნობილია, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაიბლოკა ოპოზიციონერის ყველა ანგარიში.

 

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ნავთობის სექტორზე სანქციები დააწესა. შავ სიაში ძირითადად სახელმწიფო კონცერნი „PdVSA“ მოხვდა. სანქციების თანახმად, ვენესუელა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაყიდვას მომავალშიც შეძლებს, თუმცა თანხა იმ ანგარიშზე გადაირიცხება, რომელზე წვდომაც ნიკოლას მადუროს არ აქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი