logo_geo
ესპანეთში ერთ-ერთი რესტორნის 28 სტუმარი მოიწამლა, მათგან ერთი გარდაიცვალა
- +

22 თებერვალი. 2019. 17:05

 

ვალენსიაში, ერთ-ერთ რესტორანში, 28 ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი ქალი გარდაიცვალა.

 

რესტორანი, რომელსაც მიშლენის ვარსკვლავი აქვს მინიჭებული, დაკეტილია. სპეციალისტები ცდილობენ, დაადგინონ, რა გახდა კლიენტების მოწამვლის მიზეზი.

 

46 წლის ქალი რესტორანში შაბათს, 16 თებერვალს, მეუღლესთან და 12 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. ის რესტორანში ვახშმობიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ამ ოჯახის გარდა, 13-16 თებერვალს რესტორანში 75 ადამიანმა ისადილა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მათგან 29-მ რესტორანში სტუმრობის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო.

 

ვიზიტორების მოწამვლის ოფიციალურ მიზეზს გამოძიების დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა სოკოს კერძი შეუკვეთა, ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს გახდა მოწამვლის მიზეზი.

 

ამჟამად რესტორნის რამდენიმე კერძს ესპანეთის ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში სწავლობენ.

 

მიშლენის მეგზურში რესტორნის შეყვანა მისი სამზარეულოს უმაღლესი ხარისხის აღიარებას ნიშნავს. რესტორანს, სადაც ინციდენტი მოხდა, მიშლენის ერთი ვარსკვლავი ჰქონდა მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტორანი „ძალიან კარგია“.

 

რესტორნის მთავარი მზარეულის თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი