logo_geo
ანგელა მერკელმა ქერჩის სრუტეში გერმანიის სამხედრო გემების გაგზავნაზე მაიკ პენსს უარი განუცხადა
- +

8 მარტი. 2019. 11:36

 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თებერვალში, უარი განუცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ქერჩის სრუტეში გერმანიის სამხედრო გემების გაგზავნაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

 

Bloomberg -ის ინფორმაციით, 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მაიკ პენსმა ანგელა მერკელს შესთავაზა სამხედრო გემები გაეგზავნა ქერჩის სრუტეს გავლით. როგორც Bloomberg აღნიშნავს, გერმანიის კანცლერმა უარი თქვა მაიკ პენსის ამ შეთავაზებაზე.

 

აღნიშნული ინიციატივა ასევე არ გაიზიარა საფრანგეთის ხელმძღვანელობამ.

 

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, რომ ანგელა მერკელსა და მაიკ პენსს შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა გააკრიტიკა აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და ასევე განაცხადა, რომ შეუძლებელია ევროკავშირის გაზის ბაზრიდან რუსეთის გამორიცხვა.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ანგელა მერკელი შეშფოთებული იყო მაიკ პენსის განცხადებებით, რომელიც ცდილობდა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაერწმუნებინა იმაში, რომ უარი ეთქვათ „ჩრდილოეთ ნაკადი - 2“-ის მშენებლობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით წაუყენეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი