logo_geo
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი NATO-ში არ გაწევრიანდება
- +

25 მარტი. 2019. 11:51

„სერბეთი NATO-ში არ გაწევრიანდება, სამხედრო ნეიტრალიტეტი ბუნებრივი არჩევანია“, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩიმ NATO-ს სამხედრო კამპანიის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

ვუჩიჩის თქმით, სერბეთი არავის ემუქრება და სურს, რომ თავად დაიცვას საკუთარი თავი.

 

სერბეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა შესაძლებლობებს აძლიერებს, რადგან 1999 წელთან შედარებით, 10-ჯერ ძლიერია, 2008 წელთან შედარებით კი, 20-ჯერ.

 

სერბეთის ქალაქ ნიშიში გამართულ ღონისძიებას ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. პატრიარქმა ირინეოსმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ობიექტების განურჩევლად დაბომბვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაბომბვების კამპანიამ შესაძლოა, მხოლოდ ეშმაკი გახადოს ბედნიერი.

 

„REUTERS“-ის ინფორმაციით, 1998 წელს კოსოვოში სერბეთის მმართველობის წინააღმდეგ ეთნიკური ალბანელების ამბოხებას სერბეთმა მკაცრი პასუხი გასცა, მათ შორის მოსახლეობის მიმართ ძალადობა აღინიშნა.

 

დიპლომატიური მოგვარების მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. კონფლიქტის დასრულების მიზნით, NATO-მ საჰაერო დაბომბვები 1999 წლის 24 მარტს დაიწყო. 78-დღიანი სამხედრო კამპანიის შემდეგ სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოდან ჯარები გაიყვანა.

 

2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ბელგრადი ამ ნაბიჯს არ აღიარებს და გაერო-ში კოსოვოს გაწევრიანებას ბლოკავს.

 

 

 

big_banner
არქივი