logo_geo
დონალდ ტრამპი: ჩემთვის ბრალის წაყენება, რომ რუსეთთან საიდუმლოდ ვთანამშრომლობ, არაკანონიერია
- +

25 მარტი. 2019. 12:56

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისთვის ბრალდების წაყენება, რომ რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა, არაკანონიერი იყო.

 

„სირცხვილია, რომ ჩვენს ქვეყანას ამის გავლა მოუწია. სიმართლე გითხრათ, სირცხვილია, რომ თქვენს პრეზიდენტს ამის გავლა მოუწია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მასთან მიმართებაში ბრალდებები მანამდე გაისმა, ვიდრე პრეზიდენტად აირჩევდნენ.

 

„ვიმედოვნებ, რომ ვინმე ყურადღებას მიაქცევს მეორე მხარეს. ეს იყო ხელისუფლების დამხობის არაკანონიერი მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და იმედია, ვინმე შეამოწმებს მათ, ვინც მეორე მხარეზეა. ჩემთვის ბრალის წაყენება, რომ რუსეთთან საიდუმლოდ ვთანამშრომლობ, არაკანონიერია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბრალდებები აბსურდული იყო და საბოლოოდ ის „სრულად გამართლდა“.

 

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პროკურორმა ვერ გამოავლინა, რომ აშშ-ის რომელიმე მოქალაქე ან ტრამპის საარჩევნო კამპანიის თანამდებობის პირი რუსეთთან კავშირში იყო ან რუსეთთან ერთად ქმედებების კოორდინირებას ახდენდა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოპოვების მიზნით.

 

 

big_banner
არქივი