„Fox News"-ის წამყვანი ბილ ო'რაილი, დონალდ ტრამპთან გუშინდელ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინის „მკვლელად" მოხსენიების გამო, ბოდიშს 2023 წელს მოიხდის.
ამის შესახებ ჟურნალისტმა გადაცემა „The O'Reily Factor"-ის ეთერში განაცხადა.
„პუტინის ადმინისტრაცია მოსკოვიდან ითხოვს, რომ მე - მოკრძალებულმა ჟურნალისტმა - ბოდიში მოვიხადო. მე ვმუშაობ ბოდიშის ტექსტზე და ამას, რა თქმა უნდა, რაღაც დრო დასჭირდება. ამაზე მკითხეთ 2023 წელს", - განაცხადა ჟურნალისტმა.
გუშინ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტელეწამყვანის სიტყვები „მიუღებელია".
„ამ ღრმად პატივცემული ტელეწამყვანის სიტყვები ჩვენ მიუღებლად, შეურაცხმყოფელად მიგვაჩნია. ვისურვებდით, ბოდიში მოეხადა ტელეკომპანია „Fox News"-ს. ტრამპის სიტყვებს უკომენტაროდ დავტოვებ", - განაცხადა პესკოვმა.
ტელეწამყვანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა: - პუტინი ხომ მკვლელია? - რაზეც ტრამპმა უპასუხა, - „ბევრი მკვლელი არსებობს. ჩვენც ბევრი მკვლელი გვყავს. თქვენ რა, ჩვენი ქვეყანა ასეთი უცოდველი გგონიათ?".