logo_geo
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
- +

9 მაისი. 2019. 00:59

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები შეეხება ირანის მეტალურგიულ სფეროს. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები ამოქმედდება რკინის, ფოლადის, ალუმინის და სპილენძის მომპოვებელი და მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ.

 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, „ბირთვული შეთანხმების მოქმედების პირობებში ირანი მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ ქსელებს, აძლიერებდა სარაკეტო ძალებს, აღვივებდა რეგიონულ კონფლიქტებს, უკანონოდ აკავებდა აშშ-ის მოქალაქეებს და ანადგურებდა საკუთარ ხალხს, ამასთან აძლიერებდა ბირთვულ ინფრასტრუქტურას“.

 

ტრამპის თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები „ირანის რეჟიმს ძალადობრივი ტერორის კამპანიის წარმოებაში ხელს შეუშლის.“

 

ამავე განცხადებაში დონალდ ტრამპმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრა არ გამორიცხა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, შეხვედრაზე მას სურს, ირანთან ახალი შეთანხმების პირობები განიხილოს.

 

„ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ აშშ-მა 12 პირობა წამოაყენა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ირანთან ახალი შეთანხმების გასაფორმებლად. რაღაც მომენტში მოუთმენლად ველოდები ირანის ლიდერთან შეხვედრას, რათა ახალ შეთანხმებაზე ვიმუშაოთ და რაც მთავარია, მივცეთ ირანს მომავალი, რომელსაც ის იმსახურებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი