logo_geo
პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
- +

10 მაისი. 2019. 16:53

 

 

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებისკენ ევროკავშირს აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგების განკარგულების გამო მოუწოდებს.

 

„პეტრო პოროშენკომ ბერლინს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა ე.წ. საპასპორტო განკარგულების გამო“, - ნათქვამია პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

ამას გარდა, სატელეფონო საუბრის დროს, პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა დაადასტურეს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობა ქერჩის ინციდენტის დროს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გასათავისუფლებლად.

 

ამავე დროს, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალი ხელმძღვანელობა გააგრძელებს ევროკავშირის მიმართ არსებულ პოლიტიკასა და უკრაინასა და გერმანიას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მან ასევე დაარწმუნა პეტრო პოროშენკო, რომ უკრაინა ევროკავშირისა და გერმანიის პოლიტიკის ყურადღების ცენტრში დარჩება.

 

 

big_banner
არქივი